აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალა, მოემზადონ ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე ტრამპმა გადაწყვიტა, გააგრძელოს ზეწოლა ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე, ირანის პორტებში და პორტებიდან საზღვაო მოძრაობისთვის წინაღობის შექმნით. გამოცემის წყაროების თქმით, ტრამპი სხვა ვარიანტებს - მაგალითად, დაბომბვის განახლებას ან კონფლიქტიდან გასვლას - უფრო სარისკოდ მიიჩნევს, ვიდრე ბლოკადის შენარჩუნებას.
თავად ტრამპი 28 აპრილს აცხადებდა, რომ თეირანს სურს, ვაშინგტონმა "რაც შეიძლება მალე გახსნას ჰორმუზის სრუტე".
"ირანმა ახლა შეგვატყობინა, რომ 'კოლაფსის მდგომარეობაშია'. მათ სურთ, ჩვენ რაც შეიძლება მალე 'გავხსნათ ჰორმუზის სრუტე', სანამ ისინი ვითარების დალაგებას თავიანთ ხელისუფლებაში ცდილობენ (და მე მჯერა, რომ ამას შეძლებენ)", - წერდა ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა გამოცემა WSJ-ს უთხრა, რომ ბლოკადამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ირანის ეკონომიკას - ქვეყანა ძლივს უმკლავდება იმ ნავთობის შენახვას, რომელიც არ გაყიდულა. მისი თქმით, ამან მისცა ბიძგი რეჟიმის მცდელობას, კავშირები დაერეგულირებინა ვაშინგტონთან.
მანამდე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა თეირანის მიერ გამოთქმული ბოლო წინადადებით ომის დასრულების თაობაზე. გამოცემა Axios-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის მიერ წაროყენებული გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის ბლოკადის მოხსნას და თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების უფრო გვიანდელ დროში გადატანას. საკუთრივ ირანში ჯერ არ დაუდასტურებიათ ამგვარი გეგმის არსებობა.
ფორუმი