დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტეზე: იქნებ, დროა, სამხრეთი კორეა შემოუერთდეს ამ მისიას!

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეას ჰორმუზის სრუტეში ვაშინგტონის მიერ წარმოებულ მისიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

4 მაისს პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაპოსტა, რომ ირანმა რამდენიმე სახელმწიფოზე მიიტანა იერიში, რაც ვაშინგტონის მიერ ორშაბათს დილით დაწყებულ „თავისუფლების პროექტს“ უკავშირდება:

„ირანმა ესროლა ზოგიერთ სახელმწიფოს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული გემების მიმოსვლასთან - „თავისუფლების პროექტთან" - მათ შორის სამხრეთ კორეის სატვირთო გემს. იქნებ, დროა, სამხრეთი კორეა შემოუერთდეს ამ მისიას! ჩვენ ჩავძირეთ შვიდი მცირე გემი, როგორც ისინი უწოდებენ, „სწრაფი“ გემები. ესღა დარჩათ. სამხრეთ კორეის გემის გარდა, სრუტეში სხვა ზიანი არ ყოფილა“, - წერს ტრამპი და აცხადებს, რომ სამშაბათს აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინი პრესკონფერენციას გამართავენ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) 4 მაისს პრეზიდენტის მითითებით შეუდგა „თავისუფლების პროექტის“ მისიის მხარდაჭერას, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანიტარულ მისიას უწოდებს და ამოცანად ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შედეგად იქ ჩარჩენილი კომერციული გემების გატარებას ასახელებს. ამ ინიციატივის გამოცხადების შემდეგ, თეირანმა განაცხადა, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას მოასწავებდა. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა მანამდე განმარტა, რომ ირანის მხრიდან პრობლემების შექმნის შემთხვევაში, ძალას გამოიყენებდა.

ვაშინგტონმა „თავისუფლების პროექტის“ დაწყებამდე განაცხადა ისიც, რომ გააგრძელებდა ირანის პორტების ბლოკირებას.

ასევე ნახეთ

ამერიკის ბლოკადა ირანის ბლოკადის წინააღმდეგ - რამდენს გაუძლებს ისლამური რესპუბლიკა?