Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ბლოკადა ირანის ბლოკადის წინააღმდეგ - რამდენს გაუძლებს ისლამური რესპუბლიკა?

ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელი "რაფაელ პერალტა" სპარსეთის ყურის წყლებში. აშშ-ის საზღვაო ბლოკადა. 26 აპრილი, 2026 წელი
ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელი "რაფაელ პერალტა" სპარსეთის ყურის წყლებში. აშშ-ის საზღვაო ბლოკადა. 26 აპრილი, 2026 წელი

უკვე თითქმის 1 თვეა, აშშ-მა ირანის პორტებს საზღვაო ბლოკადა დაუწესა. პენტაგონის მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში ირანმა სანავთობო შემოსავლის სახით 5 მილიარდი დოლარი დაკარგა. 

დასავლური მედიასაშუალებების ცნობით, დონალდ ტრამპი საზღვაო ბლოკადას თავის განკარგულებაში არსებულ ყველაზე ეფექტურ ბერკეტად მიიჩნევს და გეგმავს, მისი მეშვეობით ისლამურ რესპუბლიკას არსებითი დათმობებისკენ უბიძგოს.

ირანის ეკონომიკა მძიმე კრიზისს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე განიცდიდა, - ამით იყო გამოწვეული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვარში - თუმცა გასული ორი თვის განმავლობაში პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა.

მზარდი სირთულეების მიუხედავად, არაერთი ექსპერტი საეჭვოდ მიიჩნევს, რომ ეკონომიკური წნეხი საკმარისი იქნება იმ რეჟიმის წინააღმდეგობის გადასატეხად, რომელიც თითქმის 50 წელია მძიმე სანქციების პირობებში ცხოვრობს.

განსხვავებულია შეფასებები იმის შესახებ, თუ როდის გადაივსება ირანის სანავთობო საწყობები, როდის და მოუწევს თუ არა ირანს ნავთობის მოპოვების შეწყვეტა და როგორი იქნება და რა შედეგებს გამოიღებს ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ირანის რეჟიმს სჯერა, რომ მოწინააღმდეგეზე დიდხანს გაძლების უნარი აქვს, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, ზუსტად საპირისპირო სწამს.

მუშაობს თუ არა ბლოკადა?

ამერიკის საზღვაო ბლოკადა 13 აპრილს ამოქმედდა. ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის დასავლეთით მდგომი ამერიკული საზღვაო ფლოტის ბლოკადისთვის გვერდის ავლა მხოლოდ რამდენიმე ირანულმა გემმა შეძლო, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო ტანკერი.

საზღვაო ვაჭრობის ანალიტიკური ცენტრის, Kpler-ის მონაცემებით, გასული თითქმის 2 თვის განმავლობაში "არცერთ ირანულ ტანკერს არ გადაუკვეთავს ამერიკის საზღვაო ბლოკადის ზონა".

ღია წყაროებში არსებული ცნობებით, რამდენიმე ირანულმა ტანკერმა შეძლო ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა, თუმცა ამერიკული გემების სიახლოვეს აღმოჩენის შემდეგ, მკვეთრად შეცვალა კურსი და ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ჩეჰბეჰარის პორტისკენ აიღო გეზი.

ირანული ნავთობის საზღვაო ბლოკადის "სრულად ან თითქმის სრულად" შეწყვეტის შესახებ წერს თავის დაიჯესტში საზღვაო ანალიტიკური კომპანია Windward-იც.

ჰორმუზის სრუტე ირანმა უცხოური გემებისთვის პრაქტიკულად ომის დაწყების დღესვე ჩაკეტა, თუმცა თავად ირანული ტანკერებისთვის არაფერი შეცვლილა. მეტიც, მარტის განმავლობაში ნავთობის საზღვაო ექსპორტი ირანიდან წინა თვეებთან შედარებით გაზრდილი იყო. ვითარება აშშ-ის ბლოკადის ამოქმედების შემდეგ შეიცვალა.

მაგალითად, თუ 6-12 აპრილის პერიოდში ირანის ექსპორტის მოცულობა ყოველდღიურად 2,2 მილიონ ბარელს შეადგენდა, 13 აპრილიდან მოყოლებული მაჩვენებელი დღეში 1,3 მილიონ ბარელამდე დაეცა. ამგვარად, ამერიკული ბლოკადის შედეგად ირანი ყოველდღიურად დაახლოებით 1,8 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს კარგავს.

შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის ცნობით, "ეკონომიკური მრისხანების" ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ირანი ყოველდღიურად 170 მილიონი დოლარის შემოსავალს კარგავს.

თავის მხრივ, ნავთობის ექსპორტი ირანის საბიუჯეტო შემოსავლების 50-60%-ს უზრუნველყოფს და ამ თანხების 90% ჩინეთზე მოდის, რადგანაც სწორედ ის არის ირანული ნავთობის უმსხვილესი კლიენტი.

გადავსებული საწყობების პრობლემა

ექსპორტის მკვეთრი კლების ფონზე, ქვეყანა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - გადავსებული საწყობები, რაც ნავთობის მოპოვების მიზანმიმართულად შეჩერების ან სულ ცოტა შემცირების რისკს ქმნის, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გრძელვადიანი პრობლემის საფუძველი გახდეს.

იმავე Kpler-ის მონაცემებით, ირანის სანავთობო საწყობები, სრულად მოპოვების არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 12 დღეში შეივსება. პრობლემის გადასაჭრელად ირანი სხვადასხვა მეთოდს მიმართავდა, მათ შორის იყენებს მოძველებულ ტანკერებს თავისი ჩრდილოვანი ფლოტიდან. ნავთობი ჩამოწერილ გემებზე იტვირთება, თუმცა ისინი არსად არ მიემართებიან და სპარსეთის ყურის წლებში ფაქტობრივად მცურავი საწყობის ფუნქციას ასრულებენ. სხვადასხვა მონაცემებით, "მცურავ საწყობებზე" ირანი დაახლოებით 184 მილიონ ბარელ ნავთობს ინახავს.

საწყობების გადავსების შემთხვევაში, ირანი შესაძლოა იძულებული გახდეს, დააკონსერვოს ნავთობის მოპოვების წარმოებები, რაც არაერთი ექსპერტის აზრით, რამდენიმე თვალსაზრისით შეიძლება იყოს პრობლემური.

უპირველესად, ნავთობის მოპოვების შემცირება ამ სექტორში დასაქმებულების უმუშევრად დარჩენას ნიშნავს, რაც ისედაც მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, რეჟიმისთვის სერიოზულ გამოწვევას შექმნის.

ამასთანავე, არსებობს აზრი, რომ ირანის მოძველებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ქვეყნისთვის პრობლემა იქნება ნავთობის წარმოების მანამდე არსებულ ტემპებამდე აღდგენა.

კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ირანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ირანი შედარებით მარტივად შეძლებს ნავთობის წარმოების აღდგენას, თუმცა გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება ბუნებრივი აირის მოპოვების აღდგენა.

ნერვების თამაში

დონალდ ტრამპი საზღვაო ბლოკადით კმაყოფილებას არ მალავს - "ბლოკადა 100%-ით გაუვალია. თუ ირანელებს თავიანთი მკვდარი ეკონომიკის გადარჩენა სურთ, უნდა დანებდნენ, უნდა დანებდნენ", - უთხრა ტრამპმა გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში შეკრებილ ჟურნალისტებს.

მიუხედავად ამისა, დათმობებისკენ მზაობას ჯერჯერობით არც ირანი არ ავლენს. მეტიც, ამერიკელი პრეზიდენტის მიერ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენის ოპერაციის დაანონსებას მუქარით უპასუხა.

ეკონომიკური წნეხის ეფექტურობას საეჭვოდ მიიჩნევს არაერთი ავტორიტეტული ექსპერტი - "ეს რეჟიმი სანქციების ქვეშ არის 1979 წლიდან, მათ იციან, როგორ მოერგონ ახალ რეალობას. ბლოკადა არ არის საკმარისი ირანის კაპიტულაციისთვის", - წერს "ატლანტიკური საბჭოს" ახლო აღმოსავლეთის პროგრამის მკვლევარი დენი ციტრინოვიჩი.

"ირანში ფიქრობენ, რომ მათ მარაგში, როგორც მინიმუმ, რამდენიმე თვე აქვთ, მაშინ როცა დარწმუნებული არიან, რომ ტრამპის ადმინისტრაციას მაქსიმუმ რამდენიმე კვირა აქვს", - წერს "კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის" ირანის პროგრამის დირექტორი ალი ვაეზი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG