დრონებით შეტევის გარდა, „სარაკეტო საფრთხის რეჟიმი” გამოაცხადეს არაერთ რეგიონში. მათ შორის, როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი” წერს საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით, ეს რეჟიმი მოქმედებდა სამარის ოლქში, თათრეთსა და ჩუვაშეთში.
აფეთქებები იყო ჩუვაშეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჩებოქსარიში. რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ჩებოქსარიში სარაკეტო შეტევა იყო ქარხანა „პროგრესზე“, რომელიც სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას შეუტიეს 2025 წლის ივნისსა და ნოემბერში.
სარაკეტო დარტყმის შესახებ არაფერია ნათქვამი ჩუვაშეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 5 მაისს დილით გამოქვეყნებულ ცნობაში, რომლის თანახმად, ქალაქ ჩებოქსარიზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ასევე ნახეთ
უკრაინა ფრონტზე „სიჩუმის რეჟიმს“ აცხადებს, რუსეთის „დროებით ზავამდე" ორი დღით ადრეაფეთქებები იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქის კირიშის რაიონში. რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ტელეგრამ-არხზე გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობით, ღამის განმავლობაში 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ხანძარია კირიშის სამრეწველო ზონაში. რა იწვის, გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია.
ASTRA-ს ცნობით, შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზზე“ (კინეფი), რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი, რუსეთის მასშტაბით კი ერთ-ერთი უმსხვილესია და ბენზინს, დიზელის საწვავს, ნავთს და მაზუთს აწარმოებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა კირიშის ქარხანას რამდენჯერმე დაარტყეს 2024-2025 წლებში და 2026 წლის მარტშიც.
განახლება: „კირიშინეფტეორგსინტეზზე“ (კინეფი) შეტევა დაადასტურა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ. მან 5 მაისს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა განახლებული ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში რეგიონში ჩამოაგდეს 29 უკრაინული დრონი და ძირითადი სამიზნე იყო ქარხანა „კინეფი", სადაც ხანძარი ლოკალიზებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 მაისს დილით განაცხადა, რომ 4 მაისის საღამოს რვიდან 5 მაისის დილის შვიდ საათამდე ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის, კალუგის, სმოლენსკის, ორიოლის, ტვერის, ტულის, რიაზანის, ფსკოვის, ნოვგოროდის, ლენინგრადის, როსტოვის და ვოლგოგრადის ოლქებში, მოსკოვის რეგიონში, კრასნოდარის მხარეში, თათრეთის რესპუბლიკაში, ყირიმში და აზოვის ზღვის თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 289 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
ჩამონათვალში არ არის ჩუვაშეთის რესპუბლიკა და არაფერია ნათქვამი სარაკეტო შეტევის შესახებაც.
ასევე ნახეთ
უკრაინაზე რუსული რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა იყო, დაღუპულთა შორის მაშველები არიანგანახლება: ჩუვაშეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი არტამონოვმა 5 მაისს, მხოლოდ დილის 11 საათისთვის, ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ახსენა, როგორც დრონების, ისე რაკეტების „საფრთხე“.
არტამონოვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ჩებოქსარის არაერთხელ შეუტიეს ღამით და დილით, „დაზიანებულია შენობა. მედიკოსები აკვირდებიან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობას“. ჩებოქსარიზე „განმეორებითი შეტევის“ შესახებ განაცხადა ჩუვაშეთის რესპუბლიკის მეთაურმა ოლეგ ნიკოლაევმაც.
ქალაქის სკოლები და ტექნიკუმები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაიყვანეს. მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.
გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, ჩებოქსარის საწარმო „პროგრესზე“ უკრაინული ფრთოსანი რაკეტით, სავარაუდოდ, „ფლამინგოთი“ ღამის დარტყმის შემდეგ, დილით ამ ქარხანაზე შეტევა იყო დრონებითაც.
ASTRA-ს ცნობით, დარტყმების შედეგად დაზიანებულია საწარმოსთან მდებარე მრავალბინიანი სახლი და კოლეჯის შენობა.
რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან კავშირის მქონე ტელეგრამ-არხის, Shot-ის ცნობით, ჩებოქსარიში ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ამ წყაროს თანახმად, დაღუპული მამაკაცი ცხოვრობდა ბინაში, რომელსაც დრონი პირდაპირ მოხვდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩუვაშეთი არ ახსენა 5 მაისს გამოქვეყნებულ იმ ინფორმაციაშიც, რომელიც ეხებოდა დილის შვიდიდან ცხრა საათამდე ქვეყნის ათამდე რეგიონში კიდევ 43 უკრაინული დრონის „განადგურებას".
განახლება: 5 მაისს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჩებოქსარის ქარხანას დაარტყეს ფრთოსანი რაკეტებით „ფლამინგო“.