უკრაინა 5-დან 6 მაისის ღამით, 00:00 საათიდან ფრონტზე „სიჩუმის რეჟიმს“ გამოაცხადებს. ამ გადაწყვეტილებით უკრაინის არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა რუსეთის განცხადებას, რომ 8-9 მაისს „დროებითი ზავი" იქნება „დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების“ აღსანიშნავად.
ამასთან, რუსეთი უკრაინას დაემუქრა კიევის ცენტრზე მასირებული სარაკეტო დარტყმით, თუ უკრაინა შეეცდება მოსკოვის წითელ მოედანზე 9 მაისს დაგეგმილი აღლუმის ჩაშლას.
უკრაინის გადაწყვეტილება
უკრაინის პრეზიდენტმა 4 მაისს ღამით განაცხადა, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუდარებლად დიდი ფასეულობაა, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის „ზეიმობა“, ამიტომ 5-დან 6 მაისის ღამით, 00:00 საათიდან „სიჩუმის რეჟიმს“ აცხადებენ და ამ მომენტიდან „სარკისებურად იმოქმედებენ“.
ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოსკოვში აღლუმს ვერ ჩაატარებს უკრაინის „კეთილი ნების" გარეშე, დროა „რუსმა მესაჭეებმა“ რეალური ნაბიჯები გადადგან მათი ომის დასასრულებლად.
რუსეთის დროებითი ზავი 9 მაისის აღლუმის წინ
„სიჩუმის რეჟიმის“ შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებამდე დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესაბამისად, 8-9 მაისს „დროებითი ზავი" გამოცხადდება „დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების“ აღსანიშნავად და იმედი აქვთ, რომ უკრაინული მხარეც იმავეს გააკეთებს.
- 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმი უნდა გაიმართოს. მრავალი წლის განმავლობაში პირველად აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს სამხედრო ტექნიკა.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიზეზად დაასახელა „მიმდინარე ოპერატიული ვითარება“, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა კი განაცხადა, რომ კიევისგან მომდინარე „ტერორისტული საფრთხის ფონზე“ იღებენ ყველა ზომას „საფრთხის მინიმიზაციისთვის“.
რუსეთი კიევზე დარტყმით იმუქრება
„დროებითი ზავის" შესახებ 4 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 მაისს მოსკოვზე დარტყმის „მუქარად“ შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელიც მან ერევანში გააკეთა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) სამიტზე გამოსვლისას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თუ „კიევის რეჟიმი“ შეეცდება „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩასაშლელად „თავისი დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებას“, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაიწყებენ „საპასუხო მასირებულ სარაკეტო დარტყმას კიევის ცენტრზე“, რისგანაც ადრე „თავს იკავებდნენ ჰუმანიტარული მოსაზრებებით".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევის სამოქალაქო მოსახლეობა და უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები „გააფრთხილა ქალაქის დროულად დატოვების საჭიროების" შესახებ.
- 4 მაისს, ერევანში გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, მოსკოვში სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაატაროს 9 მაისის აღლუმი.
- ზელენსკის განცხადებით, რუსეთს წითელი მოედნის თავზე დრონების ეშინია, რაც ბევრზე მეტყველებს და აჩვენებს, რომ რუსეთი ახლა ძლიერი არ არის. ამიტომ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერება და ამ პოლიტიკის გაგრძელება, რათა დიპლომატიისკენ უბიძგონ.
9 მაისისთვის რუსეთის მიერ დროებითი ზავის გამოცხადების განზრახვა ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც 29 აპრილს გაიმართა.
პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ამასწინანდელი „სააღდგომო ზავი“, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია გამარჯვების დღის(9 მაისი) აღნიშვნის პერიოდში ზავის გამოცხადებისთვის მზადყოფნის შესახებ, ტრამპმა კი „ამ ინიციატივას მხარი აქტიურად დაუჭირა“.
თავის მხრივ, ტრამპმა 29 აპრილს მედიას განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა უკრაინაში ხანმოკლე ზავი და ფიქრობს, რომ პუტინი ამას გააკეთებს.
- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები შეჩერებულია მას შემდეგ, რაც 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია.
ფორუმი