ზელენსკიმ დაადასტურა „ფლამინგოებით“ დარტყმა ჩებოქსარის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე

უკრაინული რაკეტა „ფლამინგო“(საარქივო ფოტო)

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ 5 მაისს თავდაცვის ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჩებოქსარიში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე.

5 მაისს დღისით ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გასულ ღამით ფრთოსანი რაკეტებით „ფლამინგო“ დაარტყეს „მტრის რამდენიმე სამიზნეს, კერძოდ, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს ჩებოქსარიში“.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა „ფლამინგოებმა“ დაძლიეს 1500 კილომეტრზე მეტი მანძილი და დაარტყეს ქარხანას, რომელიც საჭირო ელემენტებით და აპარატურით ამარაგებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს, რაკეტების წარმოებას, ავიაციას და ჯავშანტექნიკას - ყველაფერს, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

ასევე ნახეთ

რუსეთში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებზე

ჩებოქსარის სამხედრო დანიშნულების ქარხანა „პროგრესზე“ სარაკეტო შეტევა რომ სავარაუდოდ, უკრაინული ფრთოსანი რაკეტით, „ფლამინგოთი“ განხორციელდა, ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA წერდა.

5 მაისს დღის პირველ ნახევარში ჩუვაშეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ ღამით და დილით ჩებოქსარიზე დრონებით შეტევაც იყო, „დაზიანებულია შენობა. მედიკოსები აკვირდებიან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობას“.

ადგილობრივ მთავრობას ქარხანა „პროგრესი“ არ უხსენებია.

ჩებოქსარის სკოლები და ტექნიკუმები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაიყვანეს. მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

ASTRA-ს ცნობით, დარტყმების შედეგად დაზიანებულია საწარმოსთან მდებარე მრავალბინიანი სახლი და კოლეჯის შენობა.

რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან კავშირის მქონე ტელეგრამ-არხის, Shot-ის ინფორმაციით, ჩებოქსარიში ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ამ წყაროს თანახმად, დაღუპული მამაკაცი ცხოვრობდა ბინაში, რომელსაც დრონი პირდაპირ მოხვდა.

5 მაისს დღის პირველ ნახევარში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევაზე საერთოდ არაფერი უთქვამს, ჩუვაშეთი კი არ იყო ჩამონათვალშიც იმ რეგიონების, სადაც სამინისტროს თანახმად, უკრაინული დრონები ჩამოაგდეს.

5 მაისს რაკეტებით და დრონებით უკრაინაზე მიიტანეს შეტევა რუსეთის ჯარებმაც.

ასევე ნახეთ

უკრაინაზე რუსული რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა იყო, დაღუპულთა შორის მაშველები არიან