ფედოროვი სოციალური ქსელებით წერს, რომ ქალაქში რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი - "მტერმა ავიაბომბებით დაარტყა ზაპოროჟიეს რამდენიმე საწარმოს. იწვის ავტომობილები, მაღაზია და საწარმო". მისივე ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.
უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური 18 დაჭრილზე წერს ზაპოროჟიეში. იუწყებიან, რომ ფსიქოლოგების დახმარება დაჭირდა 40-მდე პირს, მათ შორის ექვს ბავშვს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ამავე დღეს, 5 მაისს რუსეთის არმიამ სამი ფუგასური ავიაბომბი ჩამოაგდო კრამატორსკის ცენტრში. დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი - იუწყება დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი.
"დაარტყეს პირდაპირ ქალაქის ცენტრს, ადამიანებს" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკში შექმნილი ვითარების შესახებ.
რუსეთის მხარეს ამ თავდასხმებზე ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება. უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ, რუსეთი მუდმივად უარყოფს ბრალდებებს, რომ მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე.