დრონებით დარტყმის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა რუსეთში სიმძლავრით მეორე ქარხანამ - Reuters

ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზი“(კინეფი) ლენინგრადის ოლქის კირიშის რაიონში(საარქივო ფოტო).

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქარხანამ, „კირიშინეფტეორგსინტეზმა“ (კინეფი).

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქის კირიშის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით 5 მაისს დაარტყეს.

Reuters-ის წყაროთა ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ოთხიდან სამი დანადგარი.

  • „კირიშინეფტეორგსინტეზი“ რუსეთში სიმძლავრით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა ომსკის ქარხნის შემდეგ, წელიწადში 20,1 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს, ნავთს, მაზუთს და სხვა პროდუქციას აწარმოებს.

ასევე ნახეთ

რუსეთში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებზე

5 მაისს ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ დაადასტურა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ქარხანა „კინეფის"(კირიშინეფტეორგსინტეზი) ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

5 მაისს, დღის მეორე ნახევარში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს „კირიშინეფტეორგსინტეზის“ ნავთობის პირველადი გადამუშავების სამ დანადგარს და ნავთობპროდუქტების რეზერვუარს.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა კირიშის ქარხანას რამდენჯერმე დაარტყეს 2024-2025 წლებში და 2026 წლის მარტშიც.

ასევე ნახეთ

რუსეთში ნავთობის გადამუშავება ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა - Bloomberg

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის აპრილში უკრაინის თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 21-ჯერ შეუტიეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საზღვაო ტერმინალებს და მილსადენების ინფრასტრუქტურას.

დარტყმის ქვეშ იყო სულ მცირე ცხრა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელთაგან ხუთმა წარმოება სრულად, ან ნაწილობრივ შეწყვიტა.

უკრაინის ხელისუფლება მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას. რუსეთის ხელისუფლება ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევებს" უწოდებს.

ასევე ნახეთ

„ნავთობის წვიმა“ ტუაფსეში - რუსეთის ომის ეკოლოგიური შედეგები