მოსამართლე ხუჭუა ამბობს, რომ მის მიერ განხილულ საარჩევნო დავაზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა

კადრი ვიდეოდან: მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, მის მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საჭიროებს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

ხუჭუას გაცხადებით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, მან პროკურატურას მიმართა, "რათა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება", "თუმცა დღემდე არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების ან სხვა სამართლებრივი პროცედურების თაობაზე".

მოსამართლე აცხადებს, რომ ამან შეიძლება წარმოშვას ეჭვი, რომ "ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და საკითხის პოლიტიზაციას, რაც პირდაპირ აზიანებს სამართლის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებრივ ნდობას".

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება ეფუძნება მხოლოდ კანონს და სამართალს. ამასთან, ვემსახურები იმას, რომ ყველა პროცესში მაქსიმალურად დაცული იყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ავტორიტეტი“, - ნათქვამია მოსამართლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლება შესაბამისი შეკითხვით პროკურატურას დაუკავშირდა, უწყებიდან მიღებული პასუხი აისახება ტექსტში.

ვინ არის მოსამართლე ხუჭუა

2024 წლის 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

ამის შემდეგ ხუჭუა და მისი ოჯახი „ქართული ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერების სამიზნე გახდნენ. მმართველი პარტია და ცენტრალური საარჩევნო კომისია მიუთითებენ, რომ მოსამართლე არაობიექტური და მიკერძოებული იყო.

ასევე ნახეთ

ვინ არის მოსამართლე ხუჭუა, რომელმაც არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა

საია ითხოვდა, გაუქმებულიყო ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგები, რომლებშიც ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული წესით წარიმართა, ვინაიდან დაირღვა ხმის ფარულობა - ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლების მიერ გაფერადებული წრეები, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა ამის დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება 2024 წლის 5 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ხუჭუას განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 7 ნოემბერს გააბათილა და არ დააკმაყოფილა არცერთი სხვა სარჩელი დარღვევებზე, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა აღნუსხეს.

ასევე ნახეთ

„ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სასიკეთოდ ბევრ რამეს შეცვლის“ - ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც „ოცნების“ სამიზნე გახდა

საარჩევნო დარღვევების გამოძიება

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროება “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა შეახსენა საზოგადოებას.

დამოუკიდებელი გამოძიების სწრაფად ჩატარების აუცილებლობაზე 2024 წლის არჩევნების მეორე დღიდანვე აცხადებდა ევროკავშირიც.

ასევე ნახეთ

"მისია არ შესრულებულა" - 2024 წლის საარჩევნო დარღვევების "დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი" გამოძიება კვლავაც დღის წესრიგშია

"მოსკოვის მექანიზმის" დოკუმენტზე დართული მასალიდან ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ წელიწად-ნახევრის წინ არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე დაწყებული საქმე 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ჯერაც დაუსრულებელი იყო - “ამ ეტაპზე საბოლოო პროცედურული გადაწყვეტილება არ მიღებულა და გამოძიება გრძელდება”. შემდგომ პერიოდშიც საჯარო განცხადება ამ საკითხზე არ გაკეთებულა. რადიო თავისუფლებამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ახლანდელი სტატუსის დასაზუსტებლად მიმართა პროკურატურის პრესცენტრს და პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.