„4 ოქტომბრის საქმის“ ამ ჯგუფში ბრალდებულები იყვნენ:
- პაატა ბურჭულაძე, საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი - მიუსაჯეს 7 წლით პატიმრობა;
- პოლიტიკოსები: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე - 7-7 წლით პატიმრობა;
- თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - 7 წლით პატიმრობა;
- თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია - 5-5 წლით პატიმრობა.
- ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი - 2 წლით პატიმრობა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - იმყოფება აშშ-ში;
პაატა ბურჭულაძის ვაჟმა, შუქრი ბურჭულაძემ, განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა:
„[სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების] გასაჩივრებას აზრი არ აქვს. ვაპირებთ, გასაჩივრებას უბრალოდ იმისთვის, რომ ფორმალურად იყოს დაფიქსირებული“.
ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა გვარამიამ (პარტია „ახალი“) ფეისბუკზე დაწერა, რომ „4 ოქტომბრის [საქმეზე] ყველა დაკავებული არის პოლიტპატიმარი და უკლებლივ ყველა უნდა გათავისუფლდეს“.
ვის რას ედავებოდნენ
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი.
ეს გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას - ჩადენილს ჯგუფურად.
- მათ ბრალი ასევე წარდგენილი ჰქონდათ 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-წლამდე.
- ასევე, სსსკ-ის 317-ე მუხლით - "მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ" - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-წლამდე.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ - ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს 3-წლამდე ვადით.
ლაშა ბერიძის ბრალდება იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - ჯგუფურად.
ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს - ჩადენილს ჯგუფურად.
ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ასევე ნახეთ
რატომ არ ამოიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კამერები - კითხვები 4 ოქტომბრის საქმის მთავარ გამომძიებელს„დასტურდება ჩემი უდანაშაულობა“ - მანჯგალაძის სიტყვა
პაატა მანჯგალაძე, ოპოზიციური პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სასამართლო განხილვების განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობდა მოსამართლე თავის უდანაშაულობაში დაერწმუნებინა. 7 მაისის სხდომაზე მან გაიმეორა, რომ მართალია, " საორგანიზაციო კომიტეტის" წევრად დაასახელეს, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და „აქცია დაორგანიზებული იყო ბევრად უფრო ადრე“.
„რისი ორგანიზატორი ვიყავი მანამდე დაორგანიზებულ აქციაზე, რა ფუნქცია მქონდა?!“ - პოლიტიკოსი რიტორიკულ შეკითხვებს სვამდა.
„დასასჯელი ვარ იმიტომ, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი და ვცდილობდი მათთვის განსაცდელი როგორმე ამერიდებინა?! თუმცა ვერ შევძელი - საჭიროა თქვენ, ბატონო მოსამართლევ, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, გამოავლინოთ ნების სიმტკიცე, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო", - თქვა მანჯგალაძემ.
პოლიტიკოსის სიტყვებით, მისი უდანაშაულობა "საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანლად დასტურდება", რაზეც მიუთითებდა სახალხო დამცველიც „სასამართლოს მეგობრის“ აქტში.
„პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა“, - წერდა ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში. ის იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას.
"ბატონო ირაკლი ხუსკივაძე, აქვე გიდასტურებთ კეთილ სურვილებს და გულწრფელად არ მსურს ოდესმე პილატეს როლში გიხილოთ, იმ როლში, როცა ყველამ იცის, რომ ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მაინც უნდა დასაჯონ, მაინც უნდა მიალურსმონ სიმართლისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის. დიდება უფალს! დიდება საქართველოს!“, - თქვა პაატა მანჯგალაძემ.
„ყველანი აგებთ პასუხს“ - ბურჭულაძე
მანამდე, მოსამართლეს მიმართა პაატა ბურჭულაძემ - 4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის“ ერთ-ერთმა წევრმა:
"ბატონო მოსამართლე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა „დიდად პატივცემულმა“ პროკურორმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით, ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მე საფრთხე ვარ მათი კარგად აწყობილი ცხოვრებისთვის და იციან, რომ თქვენც ასე ფიქრობთ.
იცოდეთ და დაიმახსოვრეთ, მე რა მომივა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო არასდროს არ დანებდება და თქვენ ყველანი აუცილებლად აგებთ პასუხს ხალხის წინაშე. ხალხი ბრძენია და პატრიოტი. ის სახელმწიფო მოღალატეების ბრბო, რომელიც დღეს მოაჯდა ხელისუფლებას, როგორც საშინელი სიზმარი მალე გაქრება და გამოიდარებს მთელს საქართველოში!“ - თქვა ბურჭულაძემ.
თავის სიტყვაში, მან მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ პატიმრობაში ყოფნის შვიდი თვის განმავლობაში სრულიად მოწყვიტილი იყო ოჯახს, "ერთხელაც არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან; მეგობრებზე უკვე არაფერს ვამბობ".
„4 ოქტომბრის საქმეზე“ პირველი ათეულის შემდეგ, განაჩენის მოლოდინშია კიდევ 50-ზე მეტი დემონსტრანტი.
ასევე ნახეთ
„აკაცუკები არ ვართ, დავამტკიცე“ - ზოდელავას თქმით, მხოლოდ მისი „სპონტანური იდეა“ იყო ათონელის რეზიდენციასთან მისვლა"დღეს ამ ქვეყნის სასამართლოა", "განაჩენს ჩვენ გამოგვიტანს ისტორია"
დაკავებულთაგან თავს დამნაშავედ არავინ ცნობს. არაერთმა აღნიშნა, რომ - მათ წინააღმდეგ სისტემა პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს და ეს პროცესი მიზნად ისახავს შიშის დანერგვას საზოგადოებაში.
„ემსახურება საქართველოს მოსახლეობის დაშინებას, რომ ჩაუქრეთ პროტესტის მუხტი ან არ გაუჩნდეთ პროტესტის განწყობა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ... დღეს არ არის ჩვენი სასამართლო, დღეს ამ ქვეყნის სასამართლოა", - ამბობს ლაშა ბერიძე, საბოლოო სიტყვაში და ამატებს, რომ - ასეთი უსამართლო მიდგომები რისკებსაც მოიცავს - "რომ შემდეგი საპროტესტო აქციები შესაძლოა აღარ იყოს ასეთი მშვიდობიანი, რგორც ეს 4 ოქტომბერს იყო“.
„საბოლოო და ნამდვილ განაჩენს ჩვენ გამოგვიტანს ისტორია", - ეს ციტატა ირაკლი ნადირაძის საბოლოო სიტყვიდან არის. მან მადლობა გადაუხადა არაერთ ადამიანს, მათ შორის - ოჯახის წევრებს, მშობლებს: "დედა-მამა, მადლობა რომ ქვეყნის სიყვარული მასწავლეთ“.
"ვიცი, რომ მართალი ვარ. მართალი ვარ ჩემი შვილების წინაშე. 100 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ღვინის ჭიქას აწევენ, არ გაუჩნდებათ კითხვები, ქვეყანას რომ არუსებდნენ, სად იყო მამაჩემიო... ეს არის ბრძოლა, რომელსაც ბოლოს ჩვენ მოვიგებთ", - თქვა ნადირაძემ.
პროკურატურის პოზიცია
პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ - სასამართლოს მიერ გამოცხადებული გამამტყუნებელი განაჩენი სრულად შეესაბამება პროკურატურის მოლოდინს.
„სასამართლო პროცესზე ვიხილეთ და გამოვიკვლიეთ არაერთი ვიდეომასალა, რომლითაც ნათლად დასტურდებოდა ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები. ასევე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც მიიღეს ფიზიკური თუ ფინანსური, მატერიალური ზიანი. გარდა ამისა, დაიკითხნენ საქმეზე ექსპერტები და გამოკვლეული იქნა ათობით სხვა მასალა…
მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გაკეთებული მოწოდებების შემდგომ, ორგანიზებული ჯგუფი დაიძრა პრეზიდენტის სასახლისკენ, რომლებმაც ძალადობრივი ქმედებებით შეეცადნენ, შესულიყვნენ და შეჭრილიყვნენ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე [შენობაში]. ესენი იყვნენ ორგანიზებული, ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც, ერთ შემთხვევაში - უმოწყალოდ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს" - პროკურორის განცხადებით "ათეულობით ტომში" მრავალი მტკიცებულებაა თავმოყრილი.
ასევე ნახეთ
ომბუდსმენმა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინაადვოკატები მიკერძოებულ, უკანონო გამოძიებაზე მიუთითებენ
„ეს იყო სრულად დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება. სასამართლომ გააჟღერა ის, რაც ხელისუფლებამ შეუკვეთა. გადაწყვეტილებას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს და არც სამართლებრივი წინაპირობები... მინდა ხაზი გავუსვა პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით, ის მინიმალური ცრუ სტანდარტიც კი, რასაც პროკურატურა წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, ესეც კი არ არსებობდა... ამავე დროს, ყველა სხვასთან უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ სხდომის დასრულების შემდეგ. ის ამ პროცესში პაატა მანჯგალაძისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატია.
"მორიგ ჯერზე, სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არის გაუქმებული და მიტაცებული იმ რეჟიმის მიერ, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა", - ირაკლი ნადირაძის ადვოკატი, ირაკლი აბესაძე ამბობს ასევე, რომ 7 მაისს მოსმენილი განაჩენი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:
„როდესაც მე, როგორც ადვოკატს, მეკითხებოდნენ - რა მოლოდინი მქონდა, რა განაჩენს მიიღებდა ე.წ. მოსამართლე, მე ყოველთვის ვპასუხობდი, რომ ენახათ პაპუაშვილების, კობახიძეების, კალაძეების და რეჟიმის სხვა პროპაგანდისტების პოლიტიკური განცხადებები, როლებიც დაბეჯითებით საუბრობდნენ, თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკოსებმა დააორგანიზეს გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებები, მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი მტკიცებულებები არ არსებობდა და დღეს ეს, სამწუხაროდ, ჩემი ეს მოლოდინი დადასტურდა - მოსამართლემ სცადა და განაჩენის ფორმა მისცა იმ პოლიტიკური განცხადებებს და ბრალდებებს, რომელსაც რეჟიმის პროპაგანდისტები ამდენი ხნის განმავლობაში ისროდნენ“.
ადვოკატები აცხადებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ - სიმართლის დადგენის იმედი არც სააპელაციო სასამართლოში აქვთ.