განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) აცხადებს, რომ დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები, სავარაუდოდ, „ჩაშვებულები არიან“. ამის შესახებ ის "ტვ პირველისთვის" მიცემულ სატელეფონო კომენტარში საუბრობს.
2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით, ხუთ ადამიანს წაუყენებენ ბრალს.
"ჩაშვებულია, აბა რა არის. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს რა გამოლევს.... ალბათ ახლა თვითონ თბილად იყოს ვინმე და სხვა გაიწიროს, ალბათ ეგეთი რამე გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეგ ბიჭები რა შუაში იყვნენ?“ - ამბობს ხარაზიშვილი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაკავებულებს შორის მისი ყოფილი მოადგილე მირზა კეზევაძეც ხომ არაა, პასუხობს, რომ ეს მისთვის უცნობია. ამასთან, ის უარყოფს დემონსტრანტებზე ძალადობის შესახებ რაიმე ბრძანების არსებობას.
"არ ვიცი, არ მაქვს ურთიერთობა და არც მაინტერესებს, ნუ მეკითხები მაგ თემაზე. 18 წელი ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი, მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს, არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია, ან ვინმე მოკალი, ან ვინმეს სცემეო. კარგად იცით, რამდენი მინისტრი და მთავრობა გამოვიცვალეთ. არც დღეს ყოფილა მსგავსი რამე.
იყო დანაშაული, იყო გადაცდომა? მზად ვარ, პასუხი ვაგო პირადად ყველაფერზე. არც მე არ გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს და მსგავსი რამეები, რაც იყო ცუდი, [ეგ] გაეკეთებინათ. არც ჩემთვის არ დაუვალებია არავის. სასიამოვნო მოსასმენი არაა, ამას რომ მეკითხებიან, არაფერი ბრძანება არ ყოფილა“, - ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
რაც შეეხება დაკავებულთა იდენტიფიცირებას, ხარაზიშვილი ამ საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.
„იდენტიფიცირება მოხდა, რო? არ ვიცი. „მასკიანი“ ადამიანი, კარგად ხედავდით, როგორ იყვნენ ადამიანები შენიღბული თავის ფორმა-აღჭურვილობით. ჩემი პასუხი არის ყველასთან, ჩემი ბიჭების და ჩემი სამშობლოს წინაშეც, მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და ჩავჯდები, თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ."
კითხვაზე, იყო თუ არა დემონსტრაციებზე ძალადობასთან დაკავშირებით დაბარებული საგამოძიებო უწყებაში, ხარაზიშვილის პასუხობს: "არ არის ეგ თქვენი საქმე".
"თუ დამიბარებენ, პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებია. ეს ყველამ კარგად იცის, ის კადრები გაქვთ კიდევ თქვენ ყველაფერი გადაღებული“, - ეუბნება ის "ტვ პირველს".
რა ხდება
2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით, ხუთ ადამიანს წაუყენებენ ბრალს.
საუბარია ხუთ კაცზე, რომელთაც იძალადეს:
- დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე;
- პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და
- ჟურნალისტ გურამ როგავაზე.
ხუთ დაკავებულს შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთიც - შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
ასევე ნახეთ
ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელები დავაკავეთ - გენერალური პროკურორიმათგან ორი უკვე პატიმრობაში იყო სხვა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.
ჟურნალისტური გამოძიება
მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 მაისს, ტვ „ფორმულამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბრის ერთ-ერთ აქციაზე როგავაზე, სავარაუდოდ, იძალადა ახალგაზრდა სპეცრაზმელმა, ინიციალებით ი.შ..
- „სპეცრაზმის“ ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) ამბობდა, რომ ეს სახელი „პირველად ესმის“.
- ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურამ გამოჰკითხა ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, რომლის საავტორო გადაცემაშიც გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი.
თუმცა გაირკვა, რომ როგავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სულ სხვა ადამიანი.
ასევე ნახეთ
„ზღვაში წვეთია“, „დამკვეთებზე უნდა გავიდნენ“ - ნაცემი დემონსტრანტი და ჟურნალისტი 5 სპეცრაზმელის დაკავებაზეძალადობა დემონსტრაციებისას
მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ საქართველო დღის წესრიგში „2028 წლამდე“ აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას. დემონსტრაციები ძალის გამოყენებით ჩაახშეს. არაერთ ჟურნალისტს ძალადობით შეუშალეს ხელი საქმიანობაში.
დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო პასუხისგებაში ხელისუფლებას ამ დრომდე არავინ მიუცია.
აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს მათ, ვისაც უწოდეს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.
ხელისუფლების პოზიცია სპეცრაზმელების იდენტიფიცირებაზე
"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები შეკითხვებზე, გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, რატომ არ იყვნენ გამოვლენილი ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველები, იმეორებდნენ, რომ ამას მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა ართულებდა.
"ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის სექტემბერში განაცხადა კიდეც, რომ შესაძლოა მომავალში მიეღოთ ზომები, რომლებითაც სპეცრაზმელების იდენტიფიცირება გაადვილება.