Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზღვაში წვეთია“, „დამკვეთებზე უნდა გავიდნენ“ - ნაცემი დემონსტრანტი და ჟურნალისტი 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე

გარეკანზე: დემონსტრანტი ზვიად მაისაშვილი, ჟურნალისტი გურამ როგავა
გარეკანზე: დემონსტრანტი ზვიად მაისაშვილი, ჟურნალისტი გურამ როგავა

2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სპეცრაზმელთა მიერ ნაცემი ჟურნალისტი და დემონსტრანტი ამბობენ, რომ მომხდარიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ხუთი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა საკმარისი არ არის სამართლიანი შედეგის დადგომისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ სპეცრაზმელებმა ათობით დემონსტრანტზე იძალადეს.

ამასთან, პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება ჟურნალისტ გურამ როგავას ნათქვამი, რომ მასზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი არ არის ის, ვისზეც ტელეკომპანია „ფორმულამ“ ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.

რა ხდება

2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით ხუთ ადამიანს წაუყენებენ ბრალს.

საუბარია ხუთ კაცზე, რომელთა იძალადეს:

  • დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე;
  • პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და
  • ჟურნალისტ გურამ როგავაზე.

ხუთ დაკავებულს შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთიც - შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

მათგან ორი უკვე პატიმრობაში იყო სხვა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს, 7 მაისს დააკავეს.

ჟურნალისტური გამოძიება

ორიოდე დღის წინ, 5 მაისს, „ფორმულამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც 2024 წლის ნოემბრის აქციებისას როგავაზე, სავარაუდოდ, იძალადა ახალგაზრდა სპეცრაზმელმა, ინიციალებით ი.შ..

  • „სპეცრაზმის“ ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ამბობდა, რომ ეს სახელი „პირველად ესმის“.
  • ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურამ გამოჰკითხა ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, რომლის საავტორო გადაცემაშიც გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი.

თუმცა გაირკვა, რომ როგავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სულ სხვა ადამიანი.

რას ამბობენ როგავა და პროკურატურა

ჟურნალისტმა გურამ როგავამ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე არ დასახელებულა არავის ვინაობა, ინიციალები არ უხსენებიათ და მას ბევრი კითხვა აქვს ამ ამბავზე.

„ჩემი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვისზეც ჩვენ წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა“, - განაცხადა მან.

7 მაისსვე, პროკურატურის პრესცენტრში განაცხადეს, რომ ელისო ჯარიაშვილის მიერ დასახელებული ადამიანის „რაიმე სახის კავშირი როგავას საქმესთან არ დასტურდება“.

იქვე თვეს, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი „უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე“ არის იდენტიფიცირებული და დაკავებული.

„ზღვაში წვეთი“ - ზვიად მაისაშვილი

7 მაისს, საღამოს, ზვიად მაისაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ არ იცის იმაზე მეტი, ვიდრე პროკურატურაში დღეს თქვეს - მასთან გამომძიებლებს ამ თემაზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

ზვიად მაისაშვილზე ძალადობის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული, თუმცა მაისაშვილი ამბობს, რომ არაერთი ადამიანი ურტყამდა წიხლებს.

„ძირს დავარდნის შემდეგ ყველა მხრიდან ვგრძნობდი, რომ მირტყამდნენ, ვყვიროდი, ნუ მირტყამთ-მეთქი, მაგრამ აგრძელებდნენ“, - გვითხრა მან.

„რაც უფრო მნიშვნელოვანია, მარტო ჩემი შემთხვევა არ ყოფილა იქ. უამრავი დაზარალებული ადამიანი გვინახავს, რომელთა კადრებიც არსებობს. არიან ისეთებიც, ვისზე ძალადობის კადრები არ არსებობს, თუმცა იყო უამრავი დაზარალებული და მხოლოდ ხუთი ადამიანის გამოვლენა არის ზღვაში წვეთი“.

მისი თქმით, მოქალაქეებისთვის, მათ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, არ იქნება დამაჯერებელი, რომ გამოძიებას ამდენი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა დადგენილი მოძალადეთა ვინაობა.

„მნიშვნელოვანია დამკვეთებზე გასვლა“

ჟურნალისტ გურამ როგავას შეფასებით, უმთავრესია, რომ დაისაჯონ დემონსტრანტებსა და მედიაზე ძალადობის ორგანიზატორები:

„მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს საბოლოო ჯამში გამოძიება“, - განაცხადა მან.

„მე მაინტერესებს, სად არის ახლა ზვიად ხარაზიშვილი“, - განაცხადა მან და მიუთითა „ხარებაზე“, - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე. იქვე დაასახელა სხვა რამდენიმე პოლიციელის სახელი.

„ესენი არიან პირები, ვინც ამ სისხლიან ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ“, - თქვა მან.

ჯერჯერობით უცნობია პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის გამოხმაურება - იგი 2025 წლის 13 სექტემბერს დააპატიმრეს და მალევე აუკრძალეს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, მათ შორის პაემნისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა, ოჯახის წევრებთანაც კი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG