მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია.
ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 8 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ".
კობახიძის თანახმად, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აკადემია მომავალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა აკადემიის მსგავსად, უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.
"ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალი უმაღლესი სასწავლებლის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.
საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა - მათგან 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო.
ასევე ნახეთ
ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩებაცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო აღარ დააფინანსებს კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებს კი შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება. კვოტები დაეფუძნა შრომის ბაზრის ანალიზს.