ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობაში ბრალდებულებს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

დემონსტრანტი ზვიად მაისაშვილი, ჟურნალისტი გურამ როგავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს - მათგან ერთი ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია.

გამოძიება სამივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედავება.

ერთს კი, დამატებით წაყენებული აქვს ბრალი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლისთვის.

საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განმარტა, რომ ბრალდებულების დაკავებით საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა.

„ამით საქმე არ მთავრდება, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ საქმეზე, უკვე ამ დროის მანძილზე ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ასეულობით მოწმე იქნა გამოკითხული, ასევე გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერების ათეულობით საათი და ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ არის, საქმე რომ ნახოთ, მოცულობითია. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უდიდესი საქმე იქნა გაწეული და სწორედ ამის შედეგია, რომ 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა, გამოძიება ამ ეტაპისთვისაც გრძელდება", - თქვა მან.

გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე დაკავებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა, თორნიკე ტატუნაშვილმა კი განაცხადა,, რომ ბრალდებულმა საგამოძიებო ორგანოს დეტალური ჩვენება მისცა, სადაც აღნიშნა, რომ ვინმეს მხრიდან რამე დავალებას ადგილი არ ჰქონია და "ეს დანაშაული მხოლოდ მან ჩაიდინა".

სხდომას, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა, დაზარალებულის სტატუსით ესწრებოდა ზვიად მაისაშვილი, რომელმაც განაცხადა:

„არ მქონია ამ ადამიანების მიმართ ზიზღი, ან შურისძიების განცდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, დადებითი მოვლენაა, თუმცა, ერთი იყო, რომელმაც მოახერხა და ეყო გამბედაობა, ჩაეხედა ჩემთვის თვალებში, რის გამოც, უფრო მეტად ვაფასებ ამ ადამიანს, რომელიც ზურგით იდგა და არც კი შემოუხედავს, თავისთვის ჩაიბურტყუნა, რომ ბოდიშს იხდიდა. წელიწად ნახევარია გასული, მთელი დრო გვესმოდა, რომ მათი დადგენა შეუძლებელი იყო და საეჭვო ვითარებაში ემთხვევა მათი იდენტიფიცირება ჟურნალისტური გამოძიებით კადრების გაშუქებას, ამიტომ ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ მართლა არიან ეს ადამიანები თუ არა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ სახეზე ნიღბები ჰქონდათ და მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია".

ორი საათით ადრე, მოსამართლე ლევან გელოვანმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, 2024 წლის აპრილში ძალადობის გამო დაკავებულ ძალოვნებსაც.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

7 მაისს, პროკურატურამ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტზე სულ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

პროკურატურის მიხედვით, ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კობახიძის კომენტარი სპეცრაზმელების დაკავებაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 მაისს ჟურნალისტების კითხვას, რატომ დასჭირდა მოძალადე სპეცრაზმელების დაკავებას ორი წელი, უპასუხა, რომ „მთავარია, რომ სამართალი აღსრულდა“.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას ტვირთად აწვა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები:

„ორი კვირის წინ კიდევ ერთხელ, ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ და ამისათვის მნიშვნელოვანი ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება “, - განაცხადა კობახიძემ და შსს-ს და გდდ-ს მადლობა გადაუხადა.

აქციების დროს სხვა დაშავებულების მიმართ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე, კობახიძე ამბობს, რომ „სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული და მთავარია მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა“.

ძალადობა დემონსტრაციებისას

მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ საქართველო დღის წესრიგში „2028 წლამდე“ აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას. დემონსტრაციები ძალის გამოყენებით ჩაახშეს. არაერთ ჟურნალისტს ძალადობით შეუშალეს ხელი საქმიანობაში.

დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო პასუხისგებაში ხელისუფლებას ამ დრომდე არავინ მიუცია.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს მათ, ვისაც უწოდეს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.

"ფორმულის" ჟურნალისტური გამოძიება

დღეს, 7 მაისს, პროკურატურაში დისტანციურად გამოჰკითხეს ტელეკომპანია "ფორმულის" ყოფილი ჟურნალისტი გურამ როგავა. საქმე ეხებოდა ტელეკომპანიის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, გამოავლინეს გურამ როგავაზე 2024 წლის ნოემბრის აქციებისას თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობა.

ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია მანამდე საგამოძიებო უწყებას არხის ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმაც მიაწოდა.

ასევე ნახეთ

"18 დღე გავიდა, ჯერ არავინ გამოუკითხავთ" - გურამ როგავა დაზარალებულად ცნეს

თავდასხმა გურამ როგავაზე

გურამ როგავაზე ამ დრომდე უცნობმა, ნიღბიანმა სამართალდამცავმა - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, - 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადა.

გურამ როგავა პირდაპირ ეთერში აშუქებდა აქციის დარბევას - პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მასზე ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო. დარტყმის შემდეგ პოლიციელი გაიქცა.

ლევან ხაბეიშვილის ცემა

2024 წლის 1 მაისს, როცა პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს. პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მასზე სამართალდამცავებმა იძალადეს.

იმავე დღეს სცემეს კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს.

ასევე ნახეთ

„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა

ხელისუფლების პოზიცია სპეცრაზმელების იდენტიფიცირებაზე

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები შეკითხვებზე, გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, რატომ არ იყვნენ გამოვლენილი ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველები, იმეორებდნენ, რომ ამას მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა ართულებდა.

"ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის სექტემბერში განაცხადა კიდეც, რომ შესაძლოა მომავალში მიეღოთ ზომები, რომლებითაც სპეცრაზმელების იდენტიფიცირება გაადვილება.

ასევე ნახეთ

„ზღვაში წვეთია“, „დამკვეთებზე უნდა გავიდნენ“ - ნაცემი დემონსტრანტი და ჟურნალისტი 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე