დღესაც, შაბათს საღამოს, „შაბათის მარშის“ მონაწილე დემონსტრანტები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს.
მეხუთე თვეა, აქცია ამ ფორმით ყოველ შაბათს ტარდება.
მსვლელობას კვლავ წინ მიუძღვებოდნენ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების მშობლები და ოჯახის წევრები, მათ პატიმრების ფოტოები ეჭირათ.
შაბათის მარშების ტრადიცია უწყვეტ პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა bbc-ის საგამოძიებო ფილმის პასუხად დააწესეს - პირველი ერთი თვის განმავლობაში ამ მსვლელობით ისინი ითხოვდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი.
მომდევნო თვეებში მარშების თემატიკა უფრო მრავალფეროვანი გახდა - ის ყველაზე ხშირად პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ასზე მეტი ადამიანის მხარდასაჭერად ტარდება, ზოგჯერ კი მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ თემებს ეხმაურება.