"ქართული ოცნების" ლიდერები შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავენ

ფოტო არქივიდან. მარცხნიდან: ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, შალვა პაპუაშვილი

შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად.

როგორც მათ მისალოც განცხადებაშია ნათქვამი, "დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა".

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მილოცვა

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა. გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო!“ - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის მილოცვა

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შიო III-ს ულოცავს "ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას".

"გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II. დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!" - ნათქვამი ირაკლი კობახიძის მისალოც განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი მილოცვა

შიო III-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შესახებ პოსტში პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი წერს, რომ "ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია".

„დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის.

უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - ინებოს უფალმა, რათა მრავალი წლის მანძილზე სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.

ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას. მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.

ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია”, - წერს პაპუაშვილი.

"უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით" ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას შიო მესამეს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილის მილოცვა

"ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან.

მწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. კათოლიკოს-პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას. დაე, თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ, ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მემკვიდრეობა.

ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი", - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს, 11 მაისს, საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ასევე ნახეთ

საქართველოს პატრიარქად მოსაყდრე შიო აირჩიეს