ევროკავშირის საბჭომ სანქციები შემოიღო რუსეთის კიდევ 16 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის წინააღმდეგ - განცხადების თანახმად, ისინი "პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას".
აღინიშნება, რომ სიაში შეყვანილ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკრაინელი ბავშვების სისტემატურ უკანონო დეპორტაციაზე, იძულებით ასიმილაციაზე და უკანონო გაშვილებაზე.
სანქციები შეეხო მათ შორის საბავშვო ცენტრებს, "ორლიონოკს", "ალიე პარუსას" და "სმენას". ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, ისინი უკრაინელი ბავშვებისთვის ორგანიზებას უწევენ პროგრამებს, "რომელთა ფარგლებშიც [ბავშვები] პრორუსულ ინდოქტრინაციას ექვემდებარებიან".
შეზღუდვები შეეხო ასევე არმიის თანაშემწე მოხალისეთა ცენტრ ДОСААФ-ს სევასტოპოლში, ნახიმოვის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელს და სამხედრო კლუბ "პატრიოტს" ანექსირებულ ყირიმში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს უწყებები "მონაწილეობენ არასრულწლოვანთა ხელახალ აღზრდაში, იდეოლოგიურ დამუშავებასა და მილიტარიზაციაში".
სანქციები შეეხო ოფიციალურ პირებს, პოლიტიკოსებს, ასევე ბავშვთა ბანაკებისა და სამხედრო-პატრიოტული კლუბების ხელმძღვანელებს.
ევროკავშირის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ დეპორტაციას და იძულებით გადაადგილებას დაექვემდებარა 20,5 ათასამდე უკრაინელი ბავშვი. ევროკავშირი მოსკოვის ნაბიჯებს უწოდებს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას და ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, "უკრაინული იდენტობის განადგურების მიზნით".
რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანას - ისინი თავიანთ ქმედებებს წარმოაჩენენ ან ჰუმანიტარულ ჟესტებად, ან აუცილებლობად, რომელიც შექმნა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და სოციალური სამსახურების ნგრევამ.