პროექტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ევროკავშირი მოსკოვის ნაბიჯებს უწოდებს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას და ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, "უკრაინული იდენტობის განადგურების მიზნით".
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელსაც შეზღუდვები უნდა დაუწესდეს, არის რუსეთის განათლების სამინისტროსთან არსებული ბავშვთა ცენტრი "სმენა". სანქციათა დაწესების მიზეზებად ნათქვამია, რომ ცენტრი "განათავსებს არასრულწლოვან უკრაინელებს, იძულებით წაყვანილებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ისინი ექვემდებარებიან იდეოლოგიურ დამუშავებას და 'რუსიფიკაციას'".
სანქციების სიაში ასევე იგეგმება ახალგაზრდობის სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ცენტრის, "ავანგარდის" შეტანა. სანქციების პროექტში აღნიშნულია, რომ ეს ცენტრი მიემართება ბავშვების "პოლიტიკურ ინდოქტრინაციას" და ატარებს სამხედრო მომზადების გაკვეთილებს.
კიდევ ორი ორგანიზაცია, რომლებიც ანექსირებულ ყირიმშია, დასახიათებულია, როგორც "ბავშვთა ხელახალი განათლების, იდეოლოგიური დამუშვების და მილიტარიზაციის" ცენტრები.
იმ პირთა უმრავლესობა, რომლებსაც დაგეგმილი სანქციები უნდა შეეხოს, ქალია. მათ შორის არიან იმ ბანაკების და საგანმანათლებლო უწყებების ხელმძღვანელები, რომლებშიც უკრაინელ ბავშვებს განათავსებენ. მაგალითად, ლილია შვეცოვა, რომელიც ხელმძღვანელობს ბანაკს "წითელი მიხაკი". დოკუმენტის თანახმად, ამ ბანაკის პროგრამა "ატარებს პრორუსულ ნარატივებს, პატრიოტულ რიტორიკას და სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ელემენტებს".
პროექტში ჩართულია ნატალია შევჩუკიც, რომელიც რამდენიმე "სამხედრო-პატრიოტულ კლუბს" ხელმძღვანელობს უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კლუბების მუშაობა მიემართება ისეთი მოსაზრებების დანერგვას, რომლებიც "რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს 'მშვიდობის დამცველად' და ჰუმანიტარულ ძალად". ამავდროულად, კლუბები ავრცელებენ პრორუსულ იდეოლოგიებს და "ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არასრულწლოვანებს შორის ძირს უთხრის უკრაინულ ეროვნულ იდენტობას", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
სანქციების პროექტი ასევე ახსენებს ჩინოვნიკებს, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ოჯახების მხრიდან უკრაინელი ბავშვების აყვანაზე.
გავრცელებული ვარაუდით, ევროკავშირის ელჩები ახალ სანქციებს 6 მაისს დაამტკიცებენ.
11 მაისს ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კანადის, უკრაინის და ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და 50-მდე ქვეყნის მაღალჩინოსნები. შეხვედრა დაეთმობა უკრაინელი ბავშვების შინ დაბრუნების გზების ძიებას. შეხვედრის ორგანიზატორია უკრაინელ ბავშვთა დაბრუნების საერთაშორისო კოალიცია, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა, კანადისა და უკრაინის ინიციატივით. ამჟამად კოალიციას ჰყავს 47 წევრი - მათ შორის ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა, ავსტრალია, იაპონია და აშშ.
რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანას - ისინი თავიანთ ქმედებებს წარმოაჩენენ ან ჰუმანიტარულ ჟესტებად, ან აუცილებლობად, რომელიც შექმნა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და სოციალური სამსახურების ნგრევამ.
ფორუმი