"საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას" - პატრიარქ შიო III-ის პირველი ქადაგება

პატრიარქი შიო III

საქართველოს პატრიარქად ინტრონიზაციის შემდეგ პირველ ქადაგებაში, შიო მესამემ ეკლესიის წინაშე არსებულ დიდ პასუხისმგებლობაზე და პატრიარქობის მძიმე მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან პატივი მიაგო წინამორბედ პატრიარქებსა და განსაკუთრებით ილია II-ს, რომლის სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელებაც აუცილებლად მიაჩნია.

მან ისაუბრა თანამედროვე სამყაროში ადამიანის წინაშე არსებულ სირთულეებზე.

"თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს - ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად", - თქვა პატრიარქმა შიო III-მ.

მისი თქმით, ეკლესიამ მეტი სიყვარული და ყურადღება უნდა გამოიჩინოს ახალგაზრდების მიმართ, რათა მათში განმტკიცდეს ქრისტიანული რწმენა, ეროვნული ტრადიციები და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე.

"ეკლესიამ ფართოდ უნდა გაუღოს ყველას კარი"

"საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული", - თქვა პატრიარქმა.

ახალგაზრდებზე

შიო მესამის სიტყვებით, ახალგაზრდების მიმართ საჭიროა ყველაზე მეტი სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატვა.

"ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი, ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე, ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით განმსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას", - თქვა ქადაგებისას პატრიარქმა.

ასევე ნახეთ

რუსეთის პატრიარქი კირილე შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს

ასევე ნახეთ

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

განათლება და ქრისტიანობის მნიშვნელობა

"აუცილებელია განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური ცხოვრება დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტეს მიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა როგორც გვასწავლის წმინდა წერილი: „ყოველნი ერთ იყვნენ“. სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის მწყემსმთავარს.“

პატრიარქობის ტვირთი - "უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი"

თავისი ქადაგების დასასრულს მან გაიხსენა წინამორბედი პატრიარქები და შესთხოვა მათ სულებს, მისცენ "ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი".

მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით გრძნობს, "რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის" გზა. მისი სიტყვებით, "როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს", მართებთ გაუფრთხილდნენ "მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა".

"ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის განსამრავლებლად, ერთობის და მშვიდობის დასამკვიდრებლად".

პატრიარქმა შიო მესამემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, მისდამი გამოვლენილი "ესოდენ დიდი ნდობისთვის". მადლობა გადაუხადა ხალხს და მრევლს ლოცვისა და თანადგომისთვის.

ასევე ნახეთ

მოსაყდრე შიო - რა ვიცით მის შესახებ

მადლობა გადაუხადა სამღვდელოებას და სამონაზვნო დასს ლოცვების, თანადგომისა და სიყვარულისთვის და ითხოვა, ილოცონ მისთვის და ეკლესიის მომავლისთვის.

"რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი, ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს", - თქვა პატრიარქმა.

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს, 12 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია ჩატარდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო 11 მაისს აირჩიეს.

ასევე ნახეთ

ბრალდებები, მოპარული დიპლომი, "დამცირებული" მიტროპოლიტი - რა ხდება პატრიარქის არჩევის წინ