Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაყდრე შიო - რა ვიცით მის შესახებ

მიტროპოლიტი შიო. ილუსტრირებული ფოტო
მიტროპოლიტი შიო. ილუსტრირებული ფოტო

57 წლის მიტროპოლიტი შიო, - ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, მთავარეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით - უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სახელს ატარებს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებით.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი მისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა - ახალი პატრიარქის არჩევამდე.

“ვღელავ” - პატრიარქის მოსაყდრეობა

“ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია… ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის", – უთხრა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს 2017 წლის 23 ნოემბერს, მოსაყდრედ დასახელების დღეს.

გადაწყვეტილება თავად კათოლიკოს-პატრიარქმა გამოაცხადა, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე. მიტროპოლიტმა შიომ თქვა, რომ ეს ამბავი წინა ღამით შეიტყო და რომ ეს არის “განსაკუთრებული ვითარება”, რადგან ისტორიაში მსგავსი არ მომხდარა.

1995 წელს დამტკიცებული მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მოსაყდრეს პატრიარქი ასახელებს ანდერძში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იხსნება. საპატრიარქომ განაცხადა, რომ ილია მეორეს ასეთი ანდერძი არ დაუტოვებია და ანდერძად უნდა იქნას მიჩნეული კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება.

  • პატრიარქის 2017 წლის ბრძანებაში მიტროპოლიტი შიო “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ” იყო დასახელებული;
  • 2018 წლის ივნისში, წმინდა სინოდმა სტატუსი დააზუსტა და მიტროპოლიტი შიო “საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ” გამოაცხადა. მაშინ საპატრიარქომ განაცხადა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილების შინაარსი არ შეცვლილა.
  • მოსაყდრედ სინოდმა მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 18 მარტს, დაამტკიცა - საგანგებოდ გამართულ სხდომაზე.



მოსაყდრის ბიოგრაფიული ცნობები საპატრიარქოს ოფიციალური გვერდიდან:

  • დაიბადა თბილისში - 1969 წლის 1 თებერვალს; დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.
  • 1991 წელს მორჩილი გახდა - შიომღვიმის მონასტერში.

საეკლესიო გზაზე მისი წინსვლა სწრაფად ხდება:

  • 1993 წელს, 24 წლის ასაკში, ბერად აღკვეცეს და მაშინ უწოდეს სახელი შიო.
  • 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს.
  • 1996 წელს ბერ-დიაკონი შიო მღვდლად თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
  • 1997 წელს დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
  • 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება - ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.
  • ანჩისხატისა და ნარიყალას ტაძრებში მსახურების შემდეგ, 2001 წლის ოქტომბრიდან, მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდა.
  • 2003 წლის 18 აგვისტოს იღუმენი შიო სენაკისა და ჩხოროწყუს ახლადშექმნილი ეპარქიის წინამძღოლი გახდა; 2009 წელს - მთავარეპისკოპოსი.
  • 2010 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.


2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. 2018 წლის 21 ივნისს - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. [ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მღვდელმსახურის თავსაბურავზე - მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა].


უმაღლესი განათლება:

  • 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა - დაუსწრებელ განყოფილებაზე.
  • 2001 წლიდან [როცა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს ტაძრის წინამძღვარი გახდა], პარალელურად, სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.


რუსეთთან კავშირი

მიტროპოლიტ შიოს რუსეთთან კავშირზე უკვე დიდი ხანია ყურადღებას ამახვილებენ თეოლოგები. ბევრი ახსენებს, რომ შემთხვევითი არ იყო რუსი მიტროპოლიტის - ილარიონ [გრიგორი] ალფეევის ვიზიტი საქართველოში, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ დასახელდებოდა. ამ დროს ალფეევი რუსეთის პატრიარქ კირილის „მარჯვენა ხელად" მიიჩნეოდა, რომელიც ეკლესიის საგარეო ურთიერთობებს განაგებდა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრადაც მოიხსენიებდნენ. მღვდელმთავრებს შორისაც გამოითქვა ეჭვი - იყო თუ არა პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგი.

2022 წელს ილარიონ ალფეევი საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს და ბუდაპეშტისა და უნგრეთის პატარა ეპარქიის მიტროპოლიტად გაუშვეს. 2024 წელს კი, მათ შორის - ქონებასთან და შანტაჟთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალის ფონზე, ამ ეპარქიის ხელმძღვანელის პოსტიდან დროებით გადააყენეს, საკითხის შესწავლამდე.

ვლადიმირ პუტინი და ილარიონ ალფეევი - 2016 წელი
ვლადიმირ პუტინი და ილარიონ ალფეევი - 2016 წელი

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიოს დადგინების მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტთან დაკავშირება, სრული სიცრუეა და ამ მხრივ ძალიან სუსტი რგოლია მეუფის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში. მე მის [ალფეევის] ვიზიტს ვესწრებოდი, ამ საკითხზე ვრცლად ვაპირებ საუბარს და აქ აღარ მოვყვები დეტალებს“, - ასე პასუხობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას ალფეევთან დაკავშირებული ფართო დისკუსიის შესახებ.

ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, იყო თუ არა მიტროპოლიტი შიო ჩასული რუსეთში მოსაყდრედ დადგენის შემდეგ.

ალფეევი საქართველოში ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქის გასვენებაში ჩამოვიდა, როგორც ითქვა - რუსეთის ეკლესიის 80-წევრიანი დელეგაციის შემადგენლობაში. „ქართული ოცნების“ განაყოფის, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დავით ქართველიშვილი, თავის ფეისბუკპოსტში [22 მარტი, 2026 წელი] ალფეევს აქებს - როგორც საქართველოს გულშემატკივარს, ნიჭიერ დიპლომატს და არ გამორიცხავს, რომ “თბილისური ვოიაჟი მეუფე ილარიონმა გამოიყენოს „ტუზ კოზირად“ პატრიარქ კირილესთან თავისი პოზიციების აღსადგენად, თუ დაარწმუნებს მას სამომავლოდ თავის წარმატებულ „მედიატორულ“ ფუნქციაში მოსკოვსა და თბილისს შორის, თუკი ამის საჭიროება დადგება მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც საეკლესიო, ასევე საერო პოლიტიკის თვალსაზრისით”.

22 მარტს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, წირვა მიტროპოლიტმა შიომ ჩაატარა; ხოლო საგანგებოდ ჩამოსულმა მსოფლიო პატრიარქმა - ბართლომეოსმა - კათოლიკოს-პატრიარქს წესი აუგო.

31 მარტს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (ეს-ვე-ერი/СВР) „უწყებაში შესულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევის საკითხში ჩარევას“ ცდილობს.

„მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩვენთვის წარმოუდგენელია, მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად. უცნობია ასეთი ინფორმაციის საფუძველი“, - უთხრა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის შესახებ.

მოსკოვს გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.

ვასაძის და დუგინის შეხვედრა
ვასაძის და დუგინის შეხვედრა

მიტროპოლიტ შიოს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს ლევან ვასაძესთან - ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებებით ცნობილ ბიზნესმენთან, რომელმაც წლების წინ პარტია ,,ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა. ამ პოლიტიკურ სვლას იმედის თვალით უყურებდა ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი, ულტრანაციონალისტი იდეოლოგი, კრემლის მხარდამჭერი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი. არქივი ინახავს მასალებს ვასაძისა და დუგინის ახლო კავშირის შესახებ.

ლევან ვასაძე და შიო მუჯირი ერთად მუშაობდნენ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში. 2013 წელს შექმნილი ფონდის შემადგენლობაში ასევე იყვნენ სხვა ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ მაშინდელი დეპუტატები.

მოსაყდრის სავარაუდო მოწამვლა

2023 წლის ივლისში თავდაპირველად მედიაში გახმაურდა ამბავი მოსაყდრე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის შესახებ. 6 ივლისს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელეარხ „ერთსულოვნებასთან" თქვა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლში „მძიმე მეტალები აღმოაჩინეს", თუმცა შესაძლო მოწამვლის გამოძიება „სპეციალურ სამსახურებს ევალებათ".

„რაღაც პერიოდის წინ მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით, სწორედ ეს ანალიზები ჩაიტარა“, - აცხადებდა ჯაღმაიძე.

მოწამვლას არც თავად მოსაყდრე არ გამორიცხავდა. 12 ივლისს მან ჟურნალისტებთან იმედი გამოხატა, რომ სიმართლე გაირკვეოდა - იყო ეს “ყოფითი მოწამვლა” თუ “გარკვეული ზემოქმედება”.

2023 წლის 7 ივლისს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით, კვალიფიკაციის შეცვლა არ იყო გამორიცხული.

რა გამოვლინდა და როგორ წარიმართა გამოძიება? - თითქმის სამი წლის შემდეგ ამბავი შს სამინისტროში მოვიკითხეთ. პასუხი არ მიგვიღია.

“ძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს", - მოგვწერა ანდრია ჯაღმაიძემ.

"ჩანაცვლება" - იაკობის სკანდალური ნაამბობი

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე შიოთი ჩანაცვლების სამთავრობო გეგმაზე 2019 წელს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი [იაკობიშვილი] ალაპარაკდა, რაც მას საბოლოოდ ქორეპისკოპოსობის დათმობად დაუჯდა. მან დატოვა საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტიც.

მთავარეპისკოპოსმა 26 ოქტომბერს მედიასთან განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენების გეგმით მას [3 წლით ადრე] მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში „ეჩალიჩებოდნენ“ თავად კვირიკაშვილი, უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი გიორგი გახარია.

„… პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი“, - ასევე, მთავარეპისკოპოსის მონათხრობით - დავალება თავად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა.

თავიდან, ყველაფერი ნასვამ მდგომარეობას მიაწერეს, თუმცა მთავარეპისკოპოსმა, 2019 თუ 2021 წლებში, კიდევ არაერთხელ გაიმეორა, რომ სიმართლე თქვა და სიტყვები უკან არ მიაქვს. ამ ამბავს არაფერი მოჰყოლია.

  • საქართველოს პროკურატურამ გამოძიების საფუძველი ვერ დაინახა;
  • „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - რომლის ინიციატივითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდიოდა.
  • ეპისკოპოსის ნაამბობი, მონაწილეებად დასახელებული ადამიანებიდან, არავის დაუდასტურებია. მეუფე იაკობის განცხადებებს სისულელე უწოდა ბრალდებების ერთ-ერთმა მთავარმა ადრესატმა, მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ.


ახალი პატრიარქის არჩევამდე

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მოსაყდრე შიოს სოციალურ ქსელებშიც ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა - რომლებიც მას პატრიარქობის ერთადერთ რეალურ კანდიდატად მიიჩნევენ - მეთვალყურეებისთვის თვალსაჩინოა ორკესტრირებული კამპანია, მათ შორის პროსახელისუფლებო მედიაში თუ სოციალურ ქსელებში.

ხელისუფლების დაუფარავმა მოკავშირემ - გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ - კატეგორიულად მოითხოვა, რომ ყველა ეპისკოპოსმა მოხსნას თავის კანდიდატურა შიო მუჯირის სასარგებლოდ და ვინც ასე არ მოიქცევა, მოღალატე იქნება. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა სასულიერო პირების წინაშე; თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ დაიწყო ლაპარაკი - სასულიერო პირების დათმობის ვალდებულების შესახებ - შიო მუჯირის სასარგებლოდ.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მოსაყდრე შიო არაერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი პირების გარემოცვაში: პატრიარქის დაკრძალვაზე თუ ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისზე.

სიონში, დაკრძალვის დღეს - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი პირადად მან წარუდგინა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

“გრძნობთ თუ არა მოსაყდრის მიმართ საერო ხელისუფლების გამოკვეთილ მხარდაჭერას? საჭიროა თუ არა ხელისუფლების მხარდაჭერა პატრიარქობის კანდიდატებისთვის?” - რადიო თავისუფლების შეკითხვაზე ანდრია ჯაღმაიძემ შემდეგნაირად გვიპასუხა:

“შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავდნენ დადებით განწყობას, ოღონდ არც ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანიაა შეუმჩნეველი, თუნდაც იგივე მიტროპოლიტის [ილარიონ ალფეევის] ვიზიტზე უსაფუძვლო აპელირება”.

ჯაღმაიძემ ასევე გვითხრა, რომ თავისი და ასევე სინოდის წევრების პოზიციით - “მომავალ პატრიარქს გამოარჩევს სინოდი და ვერავინ მოახდენს გავლენას, რა ფორმითაც არ უნდა გამოთქვან საკუთარი აზრი”.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხით არ გამოირჩევა. სათქმელს ის ძირითადად სამებასა თუ სიონში ჩატარებული საეკლესიო რიტუალების შემდეგ, ქადაგებებში გამოხატავს.

2023 წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ქადაგებაში მან აღნიშნა, რომ: თანამედროვე მსოფლიოში, “რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევისა და ჩამოშლისა, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას”; ხოლო “ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა”.

ეს თემები მთავარ ხაზს წარმოადგენს “ქართული ოცნების” ხელისუფლების დაპირისპირებაში ევროკავშირთან.

კიდევ რამდენიმე ცნობა მიტროპოლიტზე

მიტროპოლიტი შიო შედიოდა მცხეთა-თბილისის ეპარქიულ მუდმივმოქმედ საბჭოში, რომელიც პატრიარქის ბრძანებით 2019 წლის 13 ნოემბერში შეიქმნა. შექმნიდან რამდენიმე დღეში, საბჭომ გააფრთხილა სასულიერო პირები - თავი შეეკავებინათ თვითნებური განცხადებებისგან. ერთ-ერთი ადრესატი იყო დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, რომელმაც ინტერვიუში გააკრიტიკა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია) - „გირჩის“ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებაზე უარის გამო.


თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საპატრიარქოში
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საპატრიარქოში

2020 წლის აგვისტოში, მიტროპოლიტმა შიომ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა 23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილს, რომელმაც გამოძიების თანახმად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ოჯახისთვის ეს ვერსია არ გამხდარა სარწმუნო.

მშობლები, რომლებიც შვილის მკვლელობაზე ლაპარაკობდნენ, მაშინ საპატრიარქოში თამარისთვის წესის აგების ნებართვის მისაღებად იყვნენ მისული, სადაც მოსაყდრეს შეხვდნენ.

2025 წლის 31 დეკემბერს, დეკანოზმა ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში განაცხადა, რომ [პროევროპულ] პროტესტზე დაპატიმრებული ადამიანების, ასევე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ პირადად ორჯერ ელაპარაკა ხელისუფლებას; ხოლო ერთხელ ეს საკითხი „ქართულ ოცნების“ პრემიერთან პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დააყენა - თუმცა „ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა“.

2026 წლის იანვარში კი ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ, 2025 წლის დასაწყისში, პატიმრების თემაზე სალაპარაკოდ, მიტროპოლიტი შიო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელ ქალებს საპატრიარქოში შეხვდა.

“პოლიტიკოსი ქალების სურვილი იყო საპატრიარქოს გარკვეული შუამდგომლობა გაეწია მათთვის ხელისუფლებასთან. უარი არ გვითქვამს და დაპირებისამებრ, მეუფე შიოს დავალებით, ეს საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დავსვი… ეს იყო დაახლოებით მარტში, აპრილში. შემდეგ, მოგვიანებით, თავად მეუფე შიოს მიეცა საუბრის შესაძლებლობა და კვლავ დაისვა ეს შეკითხვა. მივიღეთ პასუხი, რომ იურიდიული საფუძვლები საკითხის სხვაგვარად განხილვისა არ გააჩნდა სახელმწიფოს", - აცხადებდა ჯაღმაიძე.

თუკი არქივს გადავავლებთ თვალს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს ბოლო წლებში დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მათ შორის - შეხვედრებს მართავდა ეპარქიების წარმომადგენლებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ელჩებთან.

2020 წლის 16 ოქტომბერს აშშ-ის მაშინდელ ელჩს, კელი დეგნანს, შეხვდა - “არაფორმალურ ვითარებაში”, რაც მიზნად ისახავდა “საპატრიარქოსა და აშშ-ის საელჩოს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით”.

“მიტროპოლიტმა შიომ მადლიერება გამოხატა იმ მნიშვნელოვანი ფაქტის გამო, რომ წლების განმავლობაში აშშ-ის საელჩოს მიერ ქართული კულტურის არაერთი ძეგლის რესტავრაცია დაფინანსდა. როგორც ცნობილია, ბოლო ასეთი პროექტი იყო მცხეთის ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოები, რომლის პრეზენტაციაც სულ ახლახან გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში გაიმართა”, - აცხადებდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

“სუსის ფაილებში”

მოსაყდრე შიო არაერთგან იძებნება ე.წ. სუსის კრებსებში - სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ჩანაწერებში - 2021 წლის სექტემბერში უკონტროლოდ გავრცელებულ ათასობით „საიდუმლო ფაილში”; სადაც სასულიერო პირების, სამოქალაქო აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა თუ უცხოელი დიპლომატების მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების შინაარსები თუ პირადი ცხოვრების დეტალებია თავმოყრილი.

სუსტი, ბრძოლისუუნარო პიროვნება და არ გააჩნია პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა”, "აზრზე არ არის, რა არის ეკლესია და იგი შემთხვევითაა ეკლესიაში მოხვედრილი", - ასე ახასიათებენ მაღალი რანგის სასულიერო პირები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, “სუსის ფაილების” თანახმად. ერთგან ხაზგასმულია მასთან კამათი საკითხზე, რომ “საპატრიარქო არ იყენებს დასავლეთში მიღებული თეოლოგიური განათლების მქონე სტუდენტების რესურსს”.

ასევე, “ფაილების” თანახმად:

  • მოსაყდრემ უარი თქვა მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე, როცა ამას [2019 წლის აპრილში] მაღალი რანგის სასულიერო პირები გეგმავდნენ. მოსაყდრე პრემიერს იმის გამო გაუნაწყენდა, რომ ბახტაძემ, ევროსაბჭოში გამოსვლისას, "ლგბტ" თემის მოწინააღმდეგეები “მარგინალებად” მოიხსენია.
  • ,,მე ძალიან დამძიმებული ვარ, შეეძლო სულ სხვანაირად ეპასუხა, მიეკიბ-მოეკიბა ან ცოტა დიპლომატიისთვის ეხმო. რა ქნა, რა იყო ეს?! ვინ არის მაგის მარგინალი, ჩვენ გამოგვიყვანა მარგინალები, არ რცხვენია? ახლა კი მაინც უნდა ვიურთიერთოთ, ათასი თემებია, მაგრამ მე ჯერ მაინც არ გადამიარა გაბრაზებამ”, - ამბობს “ფაილების” კიდევ ერთ ეპიზოდში მოსაყდრე შიო მამუკა ბახტაძის შესახებ.
  • 2019 წლის მაისში, როცა ცნობილმა მომღერლებმა და მუსიკოსებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი გამოხატეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, “თუ ისინი საჯაროდ მოიხდიან ბოდიშს იმის გამო, რომ ,,ლგბტ“ თემის სოლიდარობის ნიშნად უარი განაცხადეს ამა წლის 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებით დაანონსებულ კონცერტში მონაწილეობაზე”.


მოსაყდრე შიო იძებნება “ფაილების” კიდევ არაერთ ეპიზოდში. საპატრიარქოსთვის ეს არაფერს ნიშნავს.

“ე.წ. სუსის ფაილებზე უბრალოდ არაფერს ვიტყვი, რადგან არაა სანდო წყარო მრავალი მიზეზის გამო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

დოკუმენტებში ასახული, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით ჩაწერილი დიალოგების ავთენტიკურობა ათობით ადამიანმა დაადასტურა, მათ შორის - ჟურნალისტებმა.

2022 წელს პროკურატურამ ფარული მიყურადების ობიექტებს - ათობით ჟურნალისტს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს, - მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG