კოვენტ-გარდენი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს

პაატა ბურჭულაძეს 7 მაისს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ლონდონის სამეფო საოპერო თეატრი, კოვენტ-გარდენი ქართველი საოპერო მომღერლისა და პოლიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

კოვენტ-გარდენმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდა, ჩაერიოს პაატა ბურჭულაძის საქმეში.

პაატა ბურჭულაძე 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაშია.

2026 წლის 7 მაისს მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე ბრალდებაში გამტყუნების შემდეგ, მათ შორის „კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების“ ბრალდებით.

ასევე ნახეთ

7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პაატა ბურჭულაძესა და სხვა პოლიტიკოსებს „4 ოქტომბრის საქმეზე“

სამეფო ოპერის თეატრის მოწოდების შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ (The Guardian) გამოაქვეყნა 12 მაისს.

გამოცემა წერს, რომ 71 წლის არტისტი გამოდიოდა სამეფო ოპერის თეატრსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ლუჩანო პავაროტი, პლასიდო დომინგო და ხოსე კარერასი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში, სამეფო ოპერის კასტინგის დირექტორი, პიტერ კატონა წერს, რომ ბურჭულაძე „დემონსტრაციულად სჯიან, რათა გააფრთხილონ ისინი, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას ბედავს“.

იგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უწოდებს „პრორუსულ, ავტორიტარულ რეჟიმს“.

  • „ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან“, - წერს ის.
  • „სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ამჟამად საქართველოში 100-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს შორისაა“, - წერს იგი.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ პოლიტიკური პატიმრების ყოლას ქვეყანაში და ამბობენ, რომ ყველა მათგანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი.

„გარდიანი“ წერს, რომ ბრიტანეთის საგარეო უწყების თანახმად, იგი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და „საჭიროების შემთხვევაში, ხაზს გაუსვამს დაკავებულთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას, მათ შორის იურიდიულ წარმომადგენლობაზე წვდომას და ოჯახთან კომუნიკაციას“.

ასევე ნახეთ

ფოტო ინტერნეტში რომ არ „ეთრიათ“ - რა თქვეს „4 ოქტომბრის“ საქმის დაზარალებულმა პოლიციელებმა სასამართლოში

4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება, 2026 წლის 7 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

„4 ოქტომბრის საქმის“ ამ ჯგუფში ბრალდებულები იყვნენ:

  • პაატა ბურჭულაძე, საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი - მიუსაჯეს 7 წლით პატიმრობა;
  • პოლიტიკოსები: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე - 7-7 წლით პატიმრობა;
  • თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - 7 წლით პატიმრობა;
  • თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია - 5-5 წლით პატიმრობა.
  • ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი - 2 წლით პატიმრობა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - იმყოფება აშშ-ში.