ნობელის პრემიის 112 ლაურეატი ხელს აწერს ირანელი უფლებადამცველის - ნარგეს მოჰამადის გათავისუფლებისკენ მოწოდებას

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნარგეს მოჰამადის სიცოცხლე შესაძლოა „მყისიერი საფრთხის“ წინაშე იყოს და აღნიშნავენ, რომ მას თვეებია არ აქვს წვდომა სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებასთან.

12 მაისს ნობელის პრემიის 112-მა ლაურეატმა, სხვადასხვა სფეროდან, გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება ირანელი პოლიტიკური პატიმრის - ნარგეს მოჰამადის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და ყველა ბრალდების მოხსნისკენ მოწოდებით.

განცხადება „ნობელიანტ ქალთა ინიციატივისა“ და „ნარგესის ფონდის“ კოორდინაციით მომზადდა. ხელმომწერთა შორის არიან ნობელის ლაურეატები: ქიმიაში, ეკონომიკაში, ფიზიკაში, ლიტერატურაში, მედიცინასა და მშვიდობაში. ტექსტში აღნიშნულია, რომ „ნარგესის ფონდისა“ და სხვა სანდო წყაროების თანახმად, მოჰამადის ფიზიკური მდგომარეობა „კრიტიკულია“, მას აქვს წონის მკვეთრი კლება, არასტაბილური წნევა და გულის სერიოზული სიმპტომები.

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნარგეს მოჰამადის სიცოცხლე შესაძლოა „მყისიერი საფრთხის“ წინაშე იყოს და აღნიშნავენ, რომ მას თვეებია არ აქვს წვდომა სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებასთან.

ასევე ნახეთ

ირანელი უფლებადამცველი, ნარგეს მოჰამადი საავადმყოფოშია მოთავსებული

10 მაისს ნარგეს მოჰამადი სასწრაფო დახმარების მანქანით საპატიმროდან „თეირან ფარსის საავადმყოფოში“ გადაიყვანეს და ახლა მას სპეციალიზებული სამედიცინო გუნდი მკურნალობს. თუმცა, სამშაბათს გავრცელებული განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ჰოსპიტალიზაცია არ აქარწყლებს „მისი პატიმრობის უსამართლობას“.

„არავინ უნდა იყოს პატიმრობაში პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის ან ადამიანის უფლებების დაცვის გამო“, - განაცხადა ჯოდი უილიამსმა, ნობელის მშვიდობის პრემიის 1997 წლის ლაურეატმა..

ამავე ჯილდოს კიდევ ერთმა ლაურეატმა ტავაკოლ კერმანმა მოჰამადის უწოდა „რეპრესიების წინაშე აღმდგარი ქალების უშიშარი ხმა“.

ნობელის პრემიის ლაურეატები მოუწოდებენ აგრეთვე ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას ნარგეს მოჰამადის არა მხოლოდ გათავისუფლების, არამედ მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისკენ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ირანელი უფლებადამცველი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი არაერთხელ იყო დაპატიმრებული. ბოლოს - 2026 წლის 8 თებერვალს მას შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ასევე ნახეთ

უტეხი ირანელი ქალის ბრძოლა სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის