Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი უფლებადამცველი, ნარგეს მოჰამადი საავადმყოფოშია მოთავსებული

ნარგეს მოჰამადი
ნარგეს მოჰამადი

ირანელი უფლებადამცველი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი, რომელიც ირანში პატიმრობაში იმყოფება, საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამ ცნობას ავრცელებენ მისი ოჯახი და ადვოკატი, მოჰამადის ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოჰამადი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, ქალაქ ზენჯანის ერთ-ერთ საავადმყოფოში. პარასკევს მან ორჯერ გონება დაკარგა გულის პრობლემების გამო.

განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა უფლებადამცველის გადაყვანაზე თეირანში, უკეთესად აღჭურვილ საავადმყოფოში, სადაც შეიძლებოდა მისთვის დახმარება მის ექიმებს გაეწიათ. ზენჯანის კარდიოლოგებს ნათქვამი აქვთ, რომ ამ ქალაქის საავადმყოფოებში არ არის სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მოჰამადის მდგომარეობის მკურნალობისთვის.

როგორც მოჰამადის ადვოკატი, მოსტაფა ნილი აცხადებს, ზენჯანის სასამართლო-სამედიცინო კომისიამ მანამდე გასცა რეკომენდაცია განაჩენის აღსრულების ერთი თვით შეჩერებაზე, რათა მოჰამადის საჭირო სამედიცინო დახმარება მიეღო. მაგრამ ადგილობრივმა პროკურატურამ თეირანის პროკურატურის თანხმობის გარეშე რეკომენდაციის შესრულებაზე უარი თქვა.

"მოჰამადი ზენჯანის ციხეში უფლებრივი ნორმების დარღვევით გადაიყვანეს, ხოლო თეირანის პროკურორმა ზენჯანის საავადმყოფოებში მისი მკურნალობის განკარგულება გასცა მიუხედავად როგორც სასამართლო-სამედიცინო ორგანიზაციების, ისე კარდიოლოგიის სპეციალისტთა დასკვნებისა", - ამბობს ნილი.

ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში უფლებადამცველს ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, რომლის შემცირებაც მედიკამენტებით არ მოხერხდა.

"მან დაახლოებით 20 კილოგრამი დაიკლო და გულმკერდის არეში მწვავე ტკივილებს განიცდის", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ნარგეს მოჰამადის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს 2023 წელს, "ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებებისთვის და ყველას თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის".

2026 წლის თებერვალში მოჰამადის შვიდ-ნახევარი წლით მიუსაჯეს პატიმრობა "შეკრებების ორგანიზებისთვის და შეთქმულებისთვის, ასევე პროპაგანდისტული საქმიანობისთვის". უფლებადამცველი დააკავეს 2025 წლის 12 დეკემბერს, ირანელი იურისტის, ჰოსროვ ალიკორდის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ ღონისძიების მონაწილეები "გამოდიოდნენ პროვოკაციული განცხადებებით", რომლებიც თითქოს ხალხს უბიძგებდა "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ".

პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი 1998 წლიდან ბოლო დაპატიმრებამდე 13-ჯერ იყო დაკავებული. ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოჰამადი ხუთჯერ გაასამართლა და საერთო ჯამში, 154 როზგი და 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველი რამდენჯერმე გაათავისუფლეს გირაოთი.

2021 წელს ნარგეს მოჰამადი „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის“ გაასამართლეს და 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2023 წელს ირანის ხელისუფლება იძულებული გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოჰამადი გადაეყვანა საავადმყოფოში, სადაც მას გულსისხლძარღვთა პრობლემა აღმოუჩინეს. გარდა ამისა, მოჰამადის ძვლის ნაწილი ამოუღეს ფეხიდან, სადაც სიმსივნური წარმონაქმნი იყო. 2024 წლის დეკემბერში ნარეგს მოჰამადი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG