დრონებით მასირებული შეტევა იყო როგორც უკრაინაზე, ისე რუსეთზე

რუსული დრონებით დარტყმის შედეგები ქალაქ ხარკოვში(საარქივო ფოტო)

გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როგორც უკრაინის, ისე რუსეთის რეგიონებზე. მანამდე, 12 მაისს საღამოს რუსეთის ჯარებმა დრონებით და ავიაბომბებით დაარტყეს უკრაინის რამდენიმე ოლქს, სადაც მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

13 მაისს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის პოლტავის რაიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ელექტროქვესადგურზე დარტყმის შედეგად ენერგომომარაგების გარეშე დარჩა 7 ათასზე მეტი აბონენტი. დაზიანებულია სახლებიც.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 13 მაისს გამთენიისას დრონებით შეტევის შედეგად 7 ადამიანი დაიჭრა ქალაქ ხერსონში.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო რეგიონის სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია საწყობები და სამეურნეო ნაგებობები.

13 მაისს რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს ქალაქ ხარკოვსაც. მერის, იჰორ ტერეხოვის ცნობით, ქალაქის ორ რაიონში ხანძრები გაჩნდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის მიერ 13 მაისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ენერგოობიექტებზე შეტევებით გამოწვეული დაზიანებების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილს.

ასევე ნახეთ

უკრაინა აცხადებს, რომ ზავის გაგრძელებაზე უარი რუსეთმა თქვა

13 მაისს დილით დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია წინა საღამოს განხორციელებული შეტევის შედეგების შესახებ. ქალაქ კრივოი-როგში დაიღუპა 2 და დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. სინელნიკოვის რაიონში დაიღუპა 6 და დაიჭრა 3.

უკრაინის ხელისუფალთა ცნობით, 12 მაისს დრონებით, ავიაბომბებით და არტილერიით შეტევების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა დონეცკის ოლქშიც და საერთო ჯამში, 15 დაიჭრა დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში. დაზიანებულია სახლები, ენერგოობიექტები, ადმინისტრაციული შენობები, სასწავლო დაწესებულება, ეკლესია და ფერმერული მეურნეობები.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 12 მაისს საღამოს დრონებით შეტევის შედეგად ორი მოზარდი დაიჭრა.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 12 მაისის საღამოს ექვსი საათიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 139 უპილოტო საფრენი აპარატით. 13 მაისის დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 111 დრონის მოგერიება და 20-ით პირდაპირი დარტყმა 13 ადგილზე.

ასევე ნახეთ

რუსეთის კრასნოდარის მხარეში დრონებით შეტევა იყო ტამანის საზღვაო პორტის რაიონზე

ღამის განმავლობაში და გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის საფრთხე იყო გამოცხადებული რუსეთის ოცზე მეტ რეგიონში. დროებით დახურეს აეროპორტების ნაწილი, მათ შორის მოსკოვში. რუსეთის არაერთი ოლქის მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერდნენ აფეთქებების შესახებ.

13 მაისს დილით ასტრახანის ოლქის გუბერნატორ იგორ ბაბუშკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ასტრახანის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით შეტევა „მოიგერიეს", თუმცა „ნამსხვრევებმა" ხანძარი გამოიწვია.

კრასნოდარის მხარის დაბა ვოლნაში „ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე" უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენით“ გამოწვეული ხანძრის შესახებ იუწყებოდა რუსეთის ამ რეგიონის ოპერატიული შტაბიც.

13 მაისს დილით იაროსლავის ოლქის გუბერნატორ მიხაილ ევრაევის ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ჩამოგდებული“ უკრაინული დრონის „ნამსხვრევებმა“ ქალაქ იაროსლავში „სამრეწველო ობიექტი“ დააზიანა. ევრაევს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის თანახმად, უკრაინული დრონების „ნამსხვრევებმა“ ორ რაიონში დააზიანეს ქარის ელექტროსადგურების დანადგარები. სლიუსარის ტელეგრამ-არხზე 13 მაისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ოცამდე დრონი მოიგერია ექვს რაიონში, მათ შორის ნოვოშახტინსკსა და მილეროვოში. ამ ორ რაიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სამხედრო საავიაციო ბაზაა, რომლებიც არაერთხელ იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე.

  • რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა ობიექტზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის დროს, როგორც წესი, „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შესახებ იუწყება მაშინაც კი, როცა ზიანი გამოწვეულია დრონებით პირდაპირი დარტყმის შედეგად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 12 მაისის საღამოს რვიდან 13 მაისის დილის შვიდ საათამდე ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის, როსტოვის, ტამბოვის, იაროსლავის, ორიოლის, ტულის, კალუგის, რიაზანის და ასტრახანის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ყალმუხეთის რესპუბლიკაში, ყირიმში და აზოვის და შავი ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 286 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

ასევე ნახეთ

ტრამპი: უკრაინაში ომის დასრულება ახლოვდება