რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 აპრილს გამოაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გააგრძელეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას განცხადებით, მოსკოვს შესთავაზეს, რომ ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტა 11 მაისის შემდეგაც გაგრძელებულიყო, მაგრამ ნაცვლად ამისა, რუსეთმა გასულ ღამით უკრაინას შეუტია 200-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით, რომლებიც მიმართული იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
12 აპრილს სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მშვიდობაზე პუტინის მიერ არაერთხელ ნათქვამ უარს მისთვის შედეგები უნდა მოჰყვეს - ეფექტიანი, გრძელვადიანი სანქციებით ზეწოლის გაძლიერება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, პუტინი უნდა მიხვდეს, რომ მომავალში უარესი ელოდება და ერთადერთი გამოსავალი ტერორის შეწყვეტაა. უკრაინის მოწოდებაა ევროპის როლის გაზრდაც სამშვიდობო პროცესში, რაც დაემატება ძირითად დიპლომატიურ ხაზს, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მაისს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთმა თავად აირჩია „დროებითი სიჩუმის“ დასრულება. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთის ნაბიჯებს სარკისებრი მოქმედებებით უპასუხებს.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ომი რუსეთმა უნდა დაასრულოს, სწორედ მან უნდა გადადგას ნაბიჯი ცეცხლის რეალური, გრძელვადიანი შეწყვეტისკენ და სანამ ეს არ მოხდება, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს.
- უკრაინამ 6 მაისიდან გამოაცხადა „სიჩუმის რეჟიმი“, რომელიც კიევის თანახმად, რუსეთმა ჩაშალა.
- რუსეთმა დროებითი ზავი 8-9 მაისს გამოაცხადა „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 81-ე წლისთავისა და მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმის გამო.
- 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დასთანხმდნენ ხანმოკლე ზავს 9, 10 და 11 მაისს.
- ამ დღეების განმავლობაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ დროებითი ზავის დარღვევასა და არტილერიით და დრონებით შეტევაში, თუმცა შორ მანძილზე დარტყმები არ ყოფილა და მხოლოდ 12 მაისს განახლდა.
ფორუმი