რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბუნებრვი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრის მოადგილის, დენის ბუცაევის ძებნა გამოაცხადა სისხლის სამართლის მუხლით.
სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლითაა მის წინააღმდეგ საქმე აღძრული, არ იტყობინეიან. 13 მაისს ტასი სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნოებით იტყობინება, რომ ბუცაევი ბრალდებულია განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში. საქმე ეხება რუსეთის ეკოლოგიური ოპერატორის (რეო) ქონების დატაცებას. ბუცაევი ადრე ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას. გამოძიების მსვლელობისას ბრალდებები წაუყენეს ორგანიზაციის ორ ტოპ მენეჯერს.
აპრილის ბოლოს „ვედომოსტი“ იტყობინებოდა, რომ ბუცაევმა სისხლის სამართლის საქმის ფონზე „ოპერატიულად“ დატოვა რუსეთი. 22 აპრილს ხელი მოეწერა განკარგულებას მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, როგორც იტყობინებოდნენ, „საკუთარი სურვილით“. გამოცემა Faridaily-ის დამფუძნებლის, ჟურნალისტ ფარიდა რუსტამოვას თქმით, ბუცაევმა რუსეთი ჯერ კიდევ გადადგომამდე დატოვა მას შემდეგ, რაც „გააფრთხილეს“ „ელიტების წინააღმდეგ რეპრესიების ტალღის დაწყების შემდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის შესახებ“. „ვედომოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის მინსკში გაემგზავრა და იქიდან „უცნობი მიმართულებით გაფრინდა“. Faridaily-ის ცნობით, ბუცაევი მინსკის გავლით თბილისამდე გაემგზავრა და 30 აპრილისთვის ის უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. თავად მას კომენტარი არ გაუკეთებია წასვლაზე ან სისხლის სამართლის საქმეზე.
ბუცაევი 2019-დან 2025 წლამდე ორჯერ ხელმძღვანელობდა რეო-ს, რომელიც ძირითადად ნარჩენების გადამუშავებით არის დაკავებული. ამ პერიოდში ის ასევე ბელგოროდის ოლქის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. ის გუბერნატორის პოსტის ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა ის რეო-ში დაბრუნდა, გუბერნატორი კი გახდა ვიაჩესლავ გლადკოვი. 2025 წლის მარტში ბუცაევი ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადავიდა.
„ბუცაევის წასვლა პირველი ცნობილი შემთხვევაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი ქვეყნიდან გაიქცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ელიტის წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიების დროს“, აღნიშნავს Faridaily.