უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, აცხადებს, რომ მისი ქონება მხოლოდ ერთი ბინა და ერთი ავტომობილია.
ერმაკმა ეს კომენტარი მედიასაშუალებებს 11 მაისს ღამით მისცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭა.
სისხლის სამართლის საქმის თანახმად, გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც კავშირი აქვს კიევის მახლობლად „ელიტურ მშენებლობაში“ 460 მილიონი გრივნის(დაახლოებით 10,5 მილიონი აშშ დოლარი) უკანონო ლეგალიზაციასთან.
საქმის მასალების მიხედვით, მშენებლობა მიმდინარეობდა კიევის ოლქის დაბა კოზინში, კოტეჯების დასახლება „დინასტიაში“. პოლიტიკოსების და ბიზნესმენების ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც, სავარაუდოდ, იყვნენ უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ოლექსი ჩერნიშოვიც და ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, პირადი სარგებლობისთვის უნდა შეეძინათ კერძო რეზიდენციები. გამოძიების თანახმად, მომავალმა მფლობელებმა 2021-2025 წლებში მშენებლობისას მილიონობით დოლარი გაათეთრეს.
11 მაისს ჟურნალისტებმა ანდრი ერმაკს ჰკითხეს, აქვს თუ არა სახლი „დინასტიაში“. ერმაკმა უპასუხა, რომ არცერთი სახლი არ აქვს და აქვს მხოლოდ ერთი ბინა და ერთი ავტომობილი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, თავად საქმეზე კომენტარს გააკეთებს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ.
როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა" წერს, ერმაკის ეჭვმიტანილად გამოცხადების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ეს კონტექსტი დიდი ხანია არსებობს მედიაში და ხმამაღლა, ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა“, თუმცა საპროცესო მოქმედებები ჯერ დასრულებული არ არის და შეფასება ნაადრევია.
ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მას ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალება „რუხ კარდინალადაც" მოიხსენიებდა.
ერმაკმა თანამდებობა 2025 წლის ნოემბერში დატოვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის გამოვლენის შემდეგ. „მიდასის" სახელით ცნობილ ამ საქმეში ერმაკიც ფიგურირებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის დღეს, 2025 წლის 28 ნოემბერს, ერმაკთან ჩხრეკაც ჩატარდა.
გადადგომიდან ორ დღეში ამერიკულმა გამოცემა New York Post-მა გამოაქვეყნა ერმაკის კომენტარი, რომ ფრონტზე მიდის, წესიერი ადამიანია და მზად არის რეპრესიებისთვის. მოგვიანებით იყო ვარაუდი, რომ ჟურნალისტმა ერმაკის ნათქვამი შესაძლოა, არასწორად გაიგო მისი არასრულყოფილი ინგლისური ენის გამო.
2026 წლის მარტის დასაწყისში ანდრი ერმაკი სათავეში ჩაუდგა თავისი ინიციატივით უკრაინის ადვოკატთა ეროვნულ ასოციაციასთან შექმნილ კომიტეტს, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიით დაზარალებულები უნდა დაიცვას.
ფორუმი