რუსეთმა 700-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა უკრაინაზე მასირებული შეტევისთვის, რომლის მთავარი სამიზნე დედაქალაქი კიევი იყო. ამის შესახებ 14 მაისს დილით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
კიევი
უკრაინის დედაქალაქში დაახლოებით რვა საათს გაგრძელდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა იყვნენ.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის დადასტურებულია ორი ადამიანის სიკვდილი. ორივე დარნიცის რაიონში, სადაც მრავალბინიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველებმა 28 ადამიანი გადაარჩინეს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად დაშავდა 40-მდე ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
კიევის პროკურატურის ცნობით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია 11 მრავალბინიანი სახლი, ბიზნეს-ცენტრი, სუპერმარკეტი, ორი ავტოსალონი, ორი ბენზინგასამართი სადგური და ტექნიკური მომსახურების ცენტრი.
რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად განადგურდა უპილოტო საავიაციო სისტემების მწარმოებელი უკრაინული კომპანიის, Skyeton-ის კიევის ოფისი. ინფორმაცია სოციალური ქსელებით თავად კომპანიამ გაავრცელა. Skyeton-ის განცხადებით, მისი საწარმოო სიმძლავრეები უკრაინის სხვადასხვა ნაწილში და საზღვარგარეთაა, ამიტომ განაგრძობს მუშაობას და ქვეყნის თავდაცვის ძალებისთვის უპილოტო ტექნოლოგიების მიწოდებას.
განახლება: დღის 12 საათისთვის კიევის პოლიციამ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. დარნიცის რაიონში სახლის ნაწილობრივ ნგრევის შედეგად დაღუპულია 3 ადამიანი. ქალაქის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დარტყმის შედეგად დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
განახლება: დღის ორი საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დარნიცის რაიონში, სახლის ნანგრევებში ნაპოვნია კიდევ ორი ცხედარი. კიევში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება სულ მცირე 20 ადამიანი.
კიევის ოლქი
მასირებული შეტევა იყო კიევის ოლქზეც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
კიევის ოლქის რამდენიმე რაიონში დაზიანებული და დამწვარია კერძო და მრავალბინიანი სახლები.
უკრაინის სხვა ოლქები
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის ორი ტალღის შედეგად დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები - დანადგარები და სატვირთო ტრანსპორტი. დაშავდა ორი ადამიანი.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხერსონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. დრონით შეტევა იყო გაეროს ჰუმანიტარული მისიის ავტომობილზეც, რომელშიც კოორდინატორი და კიდევ 8 თანამშრომელი იმყოფებოდნენ. ისინი არ დაშავებულან.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვში 28 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ენერგოობიექტებზე რუსეთის ჯარების მორიგი დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კიევის და 11 რეგიონის ნაწილს.
700-ზე მეტი დრონი და რაკეტა
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 14 მაისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 675 უპილოტო საფრენი აპარატით და 56 რაკეტით, მათ შორის სამი აერობალისტიკური „კინჟალით“.
დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 41 რაკეტის და 652 დრონის მოგერიება და 15 რაკეტით და 23 დრონით პირდაპირი დარტყმა 24 ადგილზე.
ასევე ნახეთ
უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო ხანგრძლივი საჰაერო დარტყმა კრიტიკულ ობიექტებზე12-დან 13 მაისის ღამით და 13 მაისს მთელი დღის განმავლობაში რუსეთის ჯარები უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 13 მაისს დღის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა 753 უპილოტო საფრენი აპარატი(მანამდე, ღამის განმავლობაში - 139).
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 13 მაისს განაცხადა, რომ დრონებით შეტევის ტალღის შემდეგ მოსალოდნელი იყო კომბინირებული თავდასხმა რაკეტებით და დრონებით.