Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა დაიწყო ხანგრძლივი საჰაერო დარტყმა კრიტიკულ ობიექტებზე

რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული სახლები ოდესის ოლქში(საარქივო ფოტო)
რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული სახლები ოდესის ოლქში(საარქივო ფოტო)

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მოსახლეობა გააფრთხილა რუსეთის მხრიდან მორიგი კომბინირებული შეტევის შესახებ, რომელიც შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი იყოს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ 13 მაისს დღისით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო შეტევის პირველი ტალღისთვის რუსეთი იყენებს დიდი რაოდენობით დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს, რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადატვირთოს, რის შემდეგაც გეგმავს მნიშვნელოვანი რაოდენობის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, მოსკოვის სამიზნეებია კრიტიკული ინფრასტრუქტურა დიდ ქალაქებში, ენერგოობიექტები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა შენობები.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა მოქალაქეებს შეახსენებს საჰაერო განგაშზე რეაგირებისა და თავშესაფრებში გადასვლის მნიშვნელობას.

12 მაისის საღამოდან და ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები უკრაინას უტევდნენ დრონებით და ავიაბომბებით. მხოლოდ დნეპროპეტროვსკის ოლქში 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის სამიზნეები იყო ენერგოობიექტები და საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა გაგრძელდა 13 მაისს დილითაც. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დღის განმავლობაში მოსალოდნელია დრონებით შეტევების ახალი ტალღები.






ფორუმი

XS
SM
MD
LG