კიევში 20-ს გადააჭარბა 14 მაისის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

14 მაისს რუსული რაკეტით დარტყმა იყო კიევის დარნიცის რაიონში მდებარე მრავალბინიან სახლზე

სამძებრო სამუშაოები ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა კიევის დარნიცის რაიონში, სადაც 14 მაისს რუსულმა რაკეტამ მრავალბინიანი სახლის ნაწილი დაანგრია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე 15 მაისს გამოქვეყნებული პირველი ცნობით, კიევში დაღუპულია 21 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

  • 14 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს მასირებული შეტევა, რომლის მთავარი სამიზნე კიევი იყო.
  • უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთმა გამოიყენა 675 დრონი და 56 რაკეტა. ერთი დღით ადრე, 13 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს 800-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით.

განახლება: უკრაინელმა მაშველებმა 15 მაისს დაასრულეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კიევის დარნიცის რაიონში. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, 15 მაისის დილისთვის დადასტურებულია, რომ კიევზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავდა 48.

ასევე ნახეთ

700-ზე მეტი დრონი და რაკეტა - უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის მთავარი სამიზნე კიევი იყო

კიევში საპასუხო რეაქციაზე იმსჯელეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 მაისს ღამით განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, კიევში სახლზე დარტყმა იყო რუსეთის მიერ ამ წლის მეორე კვარტალში გამოშვებული რაკეტით Х-101, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი გლობალური სანქციებისთვის გვერდის ავლით ახერხებს რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების და დანადგარების მიღებას.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორის რეალური მიზანი უნდა იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემების შეჩერება.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, 13-14 მაისს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 1500-ზე მეტი დრონი და 56 რაკეტა, დრონების მოგერიების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, 93%-ია, რაკეტებისგან თავდაცვა კი გაცილებით რთული ამოცანაა და უკრაინას პარტნიორებისგან მეტი დახმარება სჭირდება.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ორდღიანი შეტევა განიხილა სამხედროებთან, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებთან და სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და იმსჯელეს იმაზეც, თუ როგორი იქნება უკრაინის რეაქცია.

რა თქვა რუსეთმა

14 მაისს, უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამომწვევი მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის „ტერორისტულ შეტევებზე“ პასუხად, შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით, მათ შორის აერობალისტიკური რაკეტებით „კინჟალი“ და დამრტყმელი დრონებით, მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, სამხედრო აეროდრომებზე და საწვავის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც უკრაინის არმია იყენებს.

  • რუსეთი „ტერორისტულს" უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ხშირ შეტევებს ნავთობის საცავებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებსა და სხვა საწარმოებზე, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • უკრაინის ხელისუფლება მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.

ასევე ნახეთ

რუსეთში ნავთობის გადამუშავება ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა - Bloomberg