მიღებულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის სპეცტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა. კიშინიოვი, 2026 წლის 15 მაისი

15 მაისს კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე 37 ქვეყნის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეციალური ტრიბუნალის მესამე სადამფუძნებლო დოკუმენტია.

სხდომაზე გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ ისტორიული დღეა და 80 წლის წინანდელი ნიურნბერგის ტრიბუნალის მსგავსად, ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალი ომის ნანგრევებიდან სამართლიანობას აღადგენს.

ანდრი სიბიჰას თქმით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ლვოვში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან ერთი წლის შემდეგ ტრიბუნალი იურიდიული რეალობა ხდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპის და მსოფლიოს მორალური ფუნდამენტი აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაული დაისჯება.

ანდრი სიბიჰას სიტყვებით, პუტინს ყოველთვის სურდა ისტორიაში შესვლა, ამაში ტრიბუნალი დაეხმარება და ისტორიაში შევა როგორც დამნაშავე, რუსეთის არმიის და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, ბელარუსის მმართველ ლუკაშენკასა და სხვებთან ერთად.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, ირინა მუდრას განმარტებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე 15 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი იქნება ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის ფორმირება - მოსამართლეები, წესები, გამოძიება. უკრაინას იმედი აქვს, რომ ტრიბუნალი 2027 წლიდან ამუშავდება.

ასევე ნახეთ

24 დაღუპული - კიევში გლოვის დღეა
  • 2025 წლის მაისში, უკრაინის ქალაქ ლვოვში სახელმწიფოთა კოალიციამ ოფიციალურად დააყენა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხი.
  • 2025 წლის ივნისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის ტრიბუნალის დაფუძნების შეთანხმებას.