Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არ შეუერთდა ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ... არ გვაძლევს იმის ... ფუფუნებას, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“, - მაკა ბოჭორიშვილი.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ... არ გვაძლევს იმის ... ფუფუნებას, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“, - მაკა ბოჭორიშვილი.

15 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში, ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის შესახებ.

საქართველო არ ყოფილა იმ 30-ზე მეტ ქვეყანას შორის, რომლებიც ამ ინიციატივას შეუერთდნენ. საგარეო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება „დამატებით რისკს“ შეუქმნიდა ქვეყანას.

ინიციატივას არც საქართველოს მეზოლები - სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი - შეერთებიან.

  • უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეციალური ტრიბუნალის მესამე სადამფუძნებლო დოკუმენტია.
  • სხდომაზე გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ ისტორიული დღეა და 80 წლის წინანდელი ნიურნბერგის ტრიბუნალის მსგავსად, ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალი ომის ნანგრევებიდან სამართლიანობას აღადგენს.

ვინ დაუჭირა მხარი

37 ქვეყნის ჩამონათვალი 15 მაისს გამოაქვეყნა უკრაინის საგარეო უწყებამ. ეს ქვეყნები არიან:

  • ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია,
  • ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია,
  • ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი,
  • მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ნორვეგია,
  • პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია,
  • ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია,
  • უკრაინა,
  • გაერთიანებული სამეფო,
  • კოსტა-რიკა,
  • ავსტრალია,
  • ასევე ცალკე - ევროკავშირი.

„პუტინი - ომის დამნაშავე“

ანდრიი სიბიჰას თქმით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ლვოვში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან ერთი წლის შემდეგ ტრიბუნალი იურიდიული რეალობა ხდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპის და მსოფლიოს მორალური ფუნდამენტი აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაული დაისჯება.

ანდრიი სიბიჰას სიტყვებით, პუტინს ყოველთვის სურდა ისტორიაში შესვლა, ამაში ტრიბუნალი დაეხმარება და ისტორიაში შევა როგორც დამნაშავე, რუსეთის არმიის და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, ბელარუსის მმართველ ლუკაშენკასა და სხვებთან ერთად.

ტრიბუნალი - 2027 წლიდან?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, ირინა მუდრას განმარტებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე 15 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი იქნება ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის ფორმირება:

  • დაინიშნებიან მოსამართლეები,
  • განისაზღვრება წესები,
  • ჩატარდება გამოძიება.

უკრაინას იმედი აქვს, რომ ტრიბუნალი 2027 წლიდან ამუშავდება.

რატომ არ დაუჭირეს მხარი?

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ დაუჭირეს მხარი ინიციატივას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, - რომელიც თავადაც იმყოფებოდა კიშინიოვში, - განაცხადა:

„საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, დააყენოს საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე“.

„დამოკიდებულებას, რასაც დღეს რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან ვხედავთ, ნამდვილად სჭირდება გადახედვა. საჭიროა სიცხადე, რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსა და მისი პოზიციების მიმართ, ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში კი, ქვეყანაში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით“, - განაცხადა მან.

  • 15 მაისს მოლდოვაში გამართეს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრიი სიბიჰამ.
  • ეს ბოლო ორ კვირაში ორი ქვეყნის მინისტრების რიგით მესამე საუბარია (სატელეფონო საუბრის ჩათვლით), - რაც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არ მომხდარა.
  • 4 მაისს ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG