„ანაგმა“, „მეამამ“ და „ორბმა“ „იმედში“ 500 000 ლარზე მეტის რეკლამა მიიტანეს

„იმედის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე

კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური პლატფორმის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პროსახელისუფლებო ტელეარხ „იმედს“ 2026 წლის პირველ კვარტალში სამი ყველაზე მსხვილი დამკვეთი ჰყავდა. მათ შორის ორი სამშენებლო კომპანიაა.

500 000 ლარზე მეტის რეკლამა მიიტანეს:

  • შპს „ანაგმა“;
  • შპს „ავენიუ ბაი ორბმა“;
  • შპს „მეამამ“.

უცნობია, კონკრეტულად რა დროს გადარიცხეს ამ კომპანიებმა „იმედში“ თანხა, სანქცირებამდე თუ მას შემდეგ.

ასევე ნახეთ

„მეამა“ აცხადებს, რომ გააგრძელებს „იმედსა“ და PosTV-ში რეკლამის მიტანას

ამავე პერიოდში „იმედში“ რეკლამა მიიტანეს შემდეგმა სახელმწიფო უწყებებმა: თავდაცვის, კულტურის, შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, იუსტიციის სახლმა, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

2026 წლის იანვარ-მარტში „იმედმა“ ბოლო წლებში (პირველ კვარტალში) რეკორდულად დიდი თანხა მიიღო - 10 829 042 ლარი.

მისი შემოსავლები (პირველი კვარტლები) წლების განმავლობაში ასე იცვლებოდა:

  • 2020 წელი - 5 420 656 ლარი;
  • 2021 წელი - 5 304 492 ლარი;
  • 2022 წელი - 5 454 153 ლარი;
  • 2023 წელი - 4 582 895 ლარი;
  • 2024 წელი - 5 297 538 ლარი;
  • 2025 წელი - 6 137 624 ლარი.

2026 წლის პირველ კვარტალში შემოსავლების მხრივ მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ პროსახელისუფლებო არხები:

  • „რუსთავი 2“ - 8 475 191 ლარი;
  • „პოსტივი“ (დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული) - 2 086 572 ლარი.

შპს „მეამამ“ 500 000 ლარზე მეტი ღირებულების რეკლამა მიიტანა „რუსთავი 2-შიც". ასევე - ჰიპერმარკეტმა „დომინომ“ (შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი").

სანქცირებულ „პოსტივიში" რეკლამა მიიტანეს შემდეგმა სახელმწიფო უწყებებმა: თავდაცვის, კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, იუსტიციის სახლმა.

რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ორ ტელევიზიას, მათ, ჯამში, თითქმის იმდენივე თანხა მიიღეს, რაც პროსახელისუფლებო „პოსტივიმ".

  • „TV პირველი“ - 1 332 345 ლარი;
  • „ფორმულა“ - 981 200 ლარი.