„იმედის“ მიერ „მეამას“ ბოიკოტირების შესახებ გავრცელებულ კამპანიურ ინფორმაციას კომპანიამ განცხადებით უპასუხა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე.
კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა...
ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში“, - წერია განცხადებაში.
თუმცა გუშინ, 28 თებერვალს, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა „მეამას“ დირექტორის, ლაშა შარიქაძის კომენტარი. მისი სიტყვებით, „ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ არ ვითანამშრომლებთ სანქცირებულ კომპანიებთან“.
„მეამას“ განცხადების შემდეგ „ფორმულამ“ ლაშა შარიქაძესთან 28 თებერვალს ჩაწერილი კომენტარი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, წერილობით გავრცელებული კომენტარი ზუსტია.
რადიო თავისუფლებამ სცადა შარიქაძესთან დაკავშირება, თუმცა დღეს მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
რამდენს ხარჯავს „მეამა“ პროსახელისუფლებო არხებზე?
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, „მეამას“ 2025 წლის მეოთხე კვარტალში რეკლამაში 7000 ლარზე მეტი გადახდილი აქვს ოთხ პროსახელისუფლებო არხზე:
- „იმედი“ - 500 000 ლარზე მეტი;
- „რუსთავი 2“ - 500 000 ლარზე მეტი;
- PosTV - 100 000-დან 500 000 ლარამდე;
- GDS („იმედის“ ჰოლდინგი) - 500 000 ლარზე მეტი.
ამდენივე დახარჯა „მეამამ“ მესამე კვარტალში. პროსახელისუფლებო არხების სანქცირება
24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“
ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
ფორუმი