საქართველო ამ ქვეყნებში არ არის, - წერილობით განუცხადეს რადიო თავისუფლებას თბილისში აშშ-ის საელჩოში 15 მაისს.
რას წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი
მანამდე, 15 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვანი გვერდი წერდა, რომ ამ ქვეყნებს შორის შედიოდა საქართველოც.
აქამდე ცნობილი იყო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა ვიზის დეპოზიტის მოთხოვნა ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წარმომადგენელთათვის: „ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის და დამხმარე პერსონალისთვის, რომლებიც სხვაგვარად აკმაყოფილებენ აშშ-ში შესვლის პირობებს“.
15 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვანი გვერდი წერდა, რომ „დამატებით, ჩვენ ვხსნით სავიზო დეპოზიტის მოთხოვნას იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები შეიძინეს 2026 წლის 15 აპრილამდე FIFA PASS-ის სისტემის (ფიფას ოფიციალური სისტემის) მეშვეობით“.
„ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი“, - ეწერა ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზე 15 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში. ეს ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გავრცელდა.
რადიო თავისუფლება ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს საქართველოში, სადაც გვითხრეს, რომ ამ გვერდზე „ინფორმაცია განახლდა“.
ამის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც მითითება, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველო და სხვები შედიოდნენ, წაიშალა.
შესწორებული პოსტი: რა ეწერა თავდაპირველად რუსულ ენაზე, რა წერია ახლა
„საქართველოზე არ ვრცელდება“ - საელჩო
ამ საკითხის დასაზუსტებლად რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად აშშ-ს საელჩომ 15 მაისს მოგვწერა:
- „[სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვან ფეისბუკ-გვერდზე] ინფორმაცია განახლდა.
- არა, სავიზო დეპოზიტის/გარანტიის ვალდებულების მოხსნა არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქე განმცხადებლებზე“.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტარდება.
2026 წლის 2 აპრილიდან საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგან, რომელთა მოქალაქეებსაც, თუკი შეერთებული შტატების B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება და აშშ-ში მოგზაურობა ენდომებათ, 5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ფულადი სავალდებულო გარანტიის (bond) გადახდა მოუწევთ.
ეს თანხა მათ სავიზო წესების დაურღვევლობის შემთხვევაში, სახლში დაბრუნების შემდეგ დაუბრუნდებათ.
ასევე ნახეთ
აშშ-ში ვიზის მისაღებად $5-15 ათასის „სავალდებულო გარანტია“ იქნება საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვისმსგავსი ქვეყნების რიცხვი 2025 წელს 38 იყო. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრა კიდევ 12 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც B1/B2 კატეგორიის ვიზის აღებისას მოუწევთ სავალდებულო ფულადი გარანტიის გადახდა. ახლა ასეთი 50 ქვეყანაა, მათ შორის საქართველო.
50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა - არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც თურქეთი. არ შედის არც უკრაინა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, სავიზო გასაუბრების დროს საელჩოებში.
ამასთან, ამავე პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის 10-წლიანი ვიზები არ გაიცემა.