Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის 10-წლიანი ვიზები არ გაიცემა - საელჩოს განმარტება

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ში შესასვლელად 10-წლიანი ვიზები აღარ გაიცემა. საქართველოში აშშ-ის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში მოგზაურობისთვის B1/B2 ვიზის აღება დასჭირდება.

საელჩოს თანახმად, სავიზო დეპოზიტის პროგრამის ფარგლებში B1/B2 კატეგორიის ვიზის აპლიკანტები, რომლებიც სავიზო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მიიღებენ 3 თვემდე ხანგრძლივობის ერთჯერად ვიზას.

B1/B2 კატეგორიის ვიზები არის „არაიმიგრაციული ვიზა“, რომელიც განკუთვნილია საქმიანი ვიზიტებისა და ტურისტული/პირადი მიზნებისათვის.

ამასთან არ იზრდება აშშ-ის B1/B2 კატეგორიის სავიზო მოსაკრებელი - 185 აშშ დოლარი.

2026 წლის ორი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეერთებული შტატების B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება და აშშ-ში მოგზაურობა ენდომებათ, 5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ფულადი სავალდებულო გარანტიის (bond) გადახდა მოუწევთ. ეს თანხა მათ სავიზო წესების დაურღვევლობის შემთხვევაში დაუბრუნდებათ.

საელჩო უპასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებსაც. მათ შორის

ვრცელდება თუ არა ახალი რეგულაციები მათზე, ვისაც უკვე აქვთ ვიზები?

არა. სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა რეტროაქტიული არ არის და არ გავრცელდება უკვე გაცემული, მოქმედი B1/B2 კატეგორიის ვიზების მფლობელებზე.

რა განსაზღვრავს აპლიკანტისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნას, ქვეყანა, სადაც განაცხადს აკეთებს, თუ მისი მოქალაქეობა?


მოთხოვნა განისაზღვრება განმცხადებლის მოქალაქეობის მიხედვით და გავრცელდება ყველა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გააკეთებს განაცხადს B1/B2 კატეგორიის ვიზაზე.

როდის უნდა გადავიხადო დეპოზიტი?


არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების შემდეგ, თუ დააკმაყოფილებთ B1/B2 კატეგორიის ვიზის მოთხოვნებს, საკონსულო ოფიცერი გაგაცნობთ ინსტრუქციას, როგორ უნდა გადაიხადოთ დეპოზიტი.

საიდან შეუძლიათ სავიზო დეპოზიტის მქონე პირებს შეერთებულ შტატებში შესვლა?


სავიზო დეპოზიტის მქონე პირებისთვის შესვლის პუნქტებია: ყველა კომერციული ავიაციის შესასვლელი პორტი (მათ შორის CBP-ის წინასწარი შემოწმების ადგილები ). სავიზო დეპოზიტის მქონე პირებს არ შეუძლიათ, გამოიყენონ ჩარტერული საავიაციო, ზოგადი საავიაციო, სახმელეთო, ან საზღვაო შესასვლელი პორტები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 18 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრა კიდევ 12 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც B1/B2 კატეგორიის ვიზის აღებისას მოუწევთ სავალდებულო ფულადი გარანტიის გადახდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემაზე ახალი წესის შემოღებას ვიზის პირობების დარღვევის მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ თუკი მოქალაქეები სავიზო წესებს დაიცავენ, „[ეს] მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“.

საპილოტე პროგრამა 2 აპრილიდან 26 აგვისტომდე იმუშავებს. პროგრამის წარმატების მაჩვენებელზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ის.

ახალი წესი საქართველოს მოქალაქეებისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 18 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2 აპრილიდან საქართველო და 11 ქვეყანა იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომლის მოქალაქესაც აშშ-ის ვიზის მისაღებად სავალდებულო გარანტიის გადახდა მოუწევთ.

50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა - არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც თურქეთი.

ამ 50 ქვეყნისთვის, რომელთა შორისაც საქართველოა, B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება „სავალდებულო გარანტიის“ (5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის მოცულობის) გადახდის შემთხვევაში შეეძლება. თანხა მოქალაქეს იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუკი დაიცავს ვიზის მიღების პირობებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG