„50 კმ-ში დგანან რუსები“ - „ოცნების“ წევრები კითხვაზე, რატომ არ შეუერთდა საქართველო ტრიბუნალის ინიციატივას

გარეკანზე: „ქართული ოცნების“ ოფისი.

„ქართული ოცნების“ წევრებმა დაიცვეს, ხოლო ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ.

„ძალიან დიდი ბოდიში, 50 კმ-ში დგანან თბილისიდან [რუსები]“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თორნიკე ფაღავამ პარლამენტში.

მან თქვა, რომ საქართველო მოიქცევა ისე, როგორც საფრანგეთი: „[საფრანგეთის პრეზიდენტმა] ბატონმა [ემანუელ] მაკრონმა განაცხადა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთოების არქიტექტურის შექმნისას, აუცილებლად გავითვალისწინებთ რუსეთსი ფაქტორსო“, - თქვა მან და დაამატა:

„რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურას ვქმნით და შევქმნით, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ფაქტორს“.

„სანქციებსაც ამიტომ არ შევუერთდით“

კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ „კონკრეტულ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი რეზოლუციები და მსგავსი სანქციები“.

„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ... მეტი რა ვთქვათ, რა თქმა უნდა არის რისკი უსაფრთხოების“, - თქვა მან.

მან პარალელი გაავლო რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან:

„ასევე ვსაუბრობით 2-3 წლის წინ, რატომ არ ვუერთდებოდით ჩვენ სანქციებს, როგორ ვხსნიდით? - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ

მიღებულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის სპეცტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება

„წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს“ - „ლელო“

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ 16 მაისს განაცხადა:

„ეს რეჟიმი, აგრძელებს ვაჭრობას საქართველოს ეროვნული ინტერესებით და იმ ღირებულებებით, რაც საქართველოს აკავშირებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებული მსოფლიო ტრიბუნალს ქმნის, რომელიც ერთგვარი მორალური ფუნდამენტი იქნება ახალი, ევროპული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური წყობისა, რომელიც ძალიან მკაფიოდ საუბრობს რუსეთის ფედერაციის ფაშისტურ მოქმედებებთან დაკავშირებით.

ამავე დროს, ვხედავთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული პირი აცხადებს, რომ ის დააკვირდება სახელმწიფოთა დამოკიდებულებას „ქოცური“ რეჟიმის მიმართ იმ პროცესში, როდესაც უნდა ჩამოყალიბდეს აზრი ტრიბუნალის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, ეს „ძალიან მკაფიო დასტურია იმისა, რომ ეს რეჟიმი ვაჭრობს ღირებულებებით და ქართული ეროვნული ინტერესით, რადგან ის წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს, ნებას და არა ქართველი ხალხის ისტორიულ ღირებულებით არჩევანს და სუვერენულ საგარეო პოლიტიკურ კურსს“.

ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტი შეიქმნა

15 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში, ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის შესახებ.

საქართველო არ ყოფილა იმ 30-ზე მეტ ქვეყანას შორის, რომლებიც ამ ინიციატივას შეუერთდნენ. საგარეო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება „დამატებით რისკს“ შეუქმნიდა ქვეყანას.

ასევე ნახეთ

საქართველო არ შეუერთდა ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ დაუჭირეს მხარი ინიციატივას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, - რომელიც თავადაც იმყოფებოდა კიშინიოვში, - განაცხადა:

„საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, დააყენოს საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე“.

„დამოკიდებულებას, რასაც დღეს რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან ვხედავთ, ნამდვილად სჭირდება გადახედვა. საჭიროა სიცხადე, რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსა და მისი პოზიციების მიმართ, ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში კი, ქვეყანაში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

ბოჭორიშვილი მოლდოვაში - ერთად ფოტოზე, დისტანციით პოლიტიკურ ველზე