ტაივანმა აშშ-ს მოუწოდა, დაამტკიცოს მისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების თაობაზე გარიგება რეგიონში საფრთხეების ერთობლივად შესაკავებლად. ამის თაობაზე შაბათს, 16 მაისს, გააკეთა განცხადება ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჩენ მინ-ციმ. „ტაივანისთვის აშშ-ის შეიარაღების მიყიდვა ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედი და ის აშშ-ის კანონმდებლობაშია ჩადებული,“ მოჰყავს Reuters-ს პოლიტიკოსის განცხადება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლახან ჩინეთში სტუმრობისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ არ დაუმტკიცებია 14 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგება იარაღის მიწოდების თაობაზე. ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ერთგვარი გაურკვევლობა წარმოიქმნა იმის თაობაზე, მომავალშიც მიაწვდის თუ არა აშშ - ტაივანისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელი - ტაიპეის შეიარაღებას, აღნიშნავს სააგენტო.
ტაივანისთვის იარაღის მიწოდება წლების განმავლობაში ხორციელდება აშშ-ის კანონის, Taiwan Relations Act-ის ფარგლებში. 2025 წლის დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ მოიწონა 11 მილიარდი დოლარის შეიარაღების პაკეტი ტაივანისთვის.
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანახმად, ტაიპეი გააგრძელებს აშშ-სთან ურთიერთობას, რათა ჩასწვდეს ვაშინგტონის პოზიციას. ჩენის თქმით, ჯერ საჭიროა ტრამპის გამონათქვამების „ჭეშმარიტი აზრის“ გაგება.
ვაშინგტონმა 1979 წელს ოფიციალურად გაწყვიტა ტაიპეისთან ურთიერთობა და ამგვარად დაეთანხმა ე.წ. „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას. ამავე დროს აშშ-მა პირობა დადო, რომ ტაივანთან ურთიერთობის შესახებ კანონის შესაბამისად გააგრძელებს მისთვის „თავდაცვითი ხასიათის შეიარაღების“ მიწოდებას.
14 მაისს, როცა ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში ორსაათიანი შეხვედრა გამართეს დახურულ კარს მიღმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ტაიპეისთვის იარაღის მიყიდვა „არ იყო დღევანდელი მოლაპარაკების ძირითადი საკითხი“, მაგრამ ამ საკითხს ადრე შეეხნენ. ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხი.
თავის მხრივ პეკინში ტრამპის ვიზიტის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ თუკი აშშ-ს ტაივანის გარშემო სიტუაციის მიმართ „სწორი მიდგომა“ არ ექნება, ჩინეთსა და აშშ-ს შორის შეიძლება მოხდეს „შეტაკებები და კონფლიქტებიც კი“, რის შედეგადაც მათი ურთიერთობა ერთობ სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდება.