მსხვერპლია სან-დიეგოს უდიდეს მეჩეთზე თავდასხმის შედეგად

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოს მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა 18 მაისს მოხდა

სამი ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოს უდიდეს მეჩეთში. მკვდარია ორი სავარაუდო თავდამსხმელიც.

სან-დიეგოს ისლამურ ცენტრზე, სადაც მეჩეთის გარდა სკოლა და საზოგადოებრივი ცენტრია, შეიარაღებული თავდასხმა 18 მაისს მოხდა. სკოლიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

სროლის შედეგად დაღუპულია სამი მამაკაცი, მათ შორის დაცვის სამსახურის თანამშრომელი. პოლიციამ მეჩეთის მახლობლად, ავტომობილში იპოვა ორი სავარაუდო თავდამსხმელის, 17 და 18 წლის ბიჭების ცხედრები. წინასწარი ინფორმაციით, მათ თავი მოიკლეს.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა მშობლების სახლიდან წაიღო სამი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, ერთ-ერთ იარაღზე ამოკაწრულია სიძულვილის გამომხატველი სიტყვები, ავტომანქანაში კი ნაპოვნია სიკვდილის წინ დატოვებული წერილი, რომელიც რასობრივი სიამაყის გრძნობებს ეხება.

ასევე ნახეთ

ლონდონში კაცი დანით დაესხა თავს ებრაული თემის წევრებს

სან-დიეგოს პოლიცია ისლამურ ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად განიხილავს. გამოძიების პროცესში ჩაერთო აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

სან-დიეგოში სროლის შემდეგ ნიუ-იორკის, ვაშინგტონის და ლოს-ანჯელესის პოლიციის სამმართველოებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით პოლიციელების ყოფნა გააძლიერეს მეჩეთებთან და სხვა რელიგიურ დაწესებულებებთან.