ლონდონის ჩრდილოეთში, გოლდერს-გრინის უბანში - სადაც დიდი ბრიტანეთის ებრაული თემის ბევრი წარმომადგენელი ცხოვრობს - დანით განხორციელებული შეტევის შედეგად ორი კაცი დაიჭრა. ამ ცნობას ავრცელებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაცია "შომრიმი".
ორგანიზაციის ცნობით, ადგილზე მყოფმა ხალხმა დაინახა, როგორ მირბოდა კაცი ქუჩაზე და ცდილობდა, დანა ჩაერტყა ებრაელთა თემის წევრებისთვის. თავდამსხმელი ორგანიზაციის წევრებმა გააჩერეს.
"ბიბისის" ცნობით, შემდეგ ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელმაც თავდამსხმელი დააკავა. "ბიბისის" თანახმად, დაშავებულებს მძიმე ჭრილობები აქვთ და მათ ექიმები მკურნალობენ.
"ლონდონის ებრაელთა თემი გახდა თავზარდამცემი ანტისემიტური თავდასხმების სერიის სამიზნე. საზოგადოებაში არ უნდა იყოს სივრცე ანტისემიტიზმისთვის. პოლიციამ ამ რაიონში გააძლიერა პატრულირება", - წერს ლონდონის მერი სადიკ ხანი პლატფორმა X-ზე.
ინციდენტის შესახებ განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც. "ჩვენს ებრაულ თემზე თავდასხმა არის ბრიტანეთზე თავდასხმა", - წერს სტარმერი პლატფორმა X-ზე.
ბოლო კვირებში ლონდონის ებრაელთა თემზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა ანტისემიტური მოტივით - აღნიშნავს CNN-ი. გასულ თვეში დაწვეს სასწრაფო დახმარების ოთხი ავტომობილი, რომლებიც გოლდერს-გრინის ებრაელთა საქველმოქმედო ორგანიზაციის იყო. შემდეგ იყო თავდასხმები სინაგოგაზე და საქველმოქმედო ორგანიზაციის ყოფილ შენობაზე.
ფორუმი