კასტროს წინააღმდეგ ბრალდების შემდეგ კარიბის ზღვაში შევიდა აშშ-ის ატომური ავიამზიდი

აშშ-ის ავიამზიდი Nimitz (CVN 68) და სარაკეტო კრეისერი Philippine Sea (CG 58) ჰორმუზის სრუტეში. 18 სექტემბერი, 2020.

აშშ-ის ატომური ავიამზიდი Nimitz სამხედრო ხომალდების თანხლებით შევიდა კარიბის ზღვაში, განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის სამხრეთმა სარდლობამ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა კუბის ყოფილ პრეზიდენტ რაულ კასტროს და კიდევ ხუთ პირს წაუყენა ბრალდებები.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კარიბის ზღვაში, ავიამზიდ Nimitz-ის დამრტყმელო ჯგუფო!“ განაცხადა აშშ-ის სარდლობამ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელიც გემის შესაძლებლობებს აჩვენებს.

აშშ-მა კუბის 94 წლის ყოფილი ხელმძღვანელი და მისი არაფორმალური ლიდერი, რაულ კასტრო, ოთხი ადამიანის, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქის, მკვლელობის თაობაზე შეთქმულებაში დაადანაშაულა. დასკვნები გამოაქვეყნა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ. საქმე უკავშირდება 1996 წლის მოვლენებს, როდესაც კუბის საჰაერო ძალებმა ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Brothers to the Rescue-ს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჯგუფი დააარსეს კუბელმა ემიგრანტებმა, რომლებიც ავიაციას იყენებდნენ ქვეყნიდან ზღვით გაქცეული კუბელების მოსაძებნად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კასტროსა და რამდენიმე კუბელი სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“ უწოდა და, ავიამზიდის განლაგების მიუხედავად, კუბის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაცია გამორიცხა. „ესკალაცია არ იქნება. არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს. შეხედეთ, ქვეყანა იშლება. ეს სრული ქაოსია და, როგორც ჩანს, მათ კონტროლი დაკარგეს“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს.

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის მიერ რაულ კასტროს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის „კუნძულის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ვაშინგტონის ზეწოლის კამპანიის სერიოზული ესკალაცია“. თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.

2026 წლის დასაწყისში ვაშინგტონმა კუბას ნავთობის ბლოკადა დაუწესა. შედეგად ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე უარესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. მას თან ახლავს ენერგიის მასიური დეფიციტი. რეგულარულად ხდება ელექტროენერგიის რამდენიმე საათიანი გათიშვა. საწვავის დეფიციტის გარდა, კუბელები საკვების და სხვა მრავალი აუცილებელი საქონლის დეფიციტს განიცდიან.

ვაშინგტონმა ასევე განაცხადა, რომ ის კუბის პრეზიდენტის, მიგელ დიას-კანელის, თანამდებობიდან გადაყენებას ცდილობს.

რაულ კასტრო 1959 წლის კუბის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ათწლეულების განმავლობაში იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს ქვეყნის ხელმძღვანელობაში. უფროსი ძმის, ფიდელის ავადმყოფობის შემდეგ, რაულ კასტრო კუბის დე-ფაქტო და შემდეგ ოფიციალური ლიდერი გახდა. 2018 წელს რაულ კასტრომ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა დატოვა.

ასევე ნახეთ

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს, აშშ-ში ბრალი წაუყენეს