სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი დღეს, 22 მაისს, მედიასთან საუბარში შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის შეშფოთებას, საქართველოში "დემოკრატიის რღვევისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ“. პაპუაშვილის შეფასებით, მსგავსი ანგარიშები "პოლიტიკური თაღლითობა".
"ამიტომ, ჩვენ თაღლითურ ანგარიშებთან დაკავშირებით არათუ კომენტარი ვერ გვექნება, PACE-შიც არ ვმონაწილეობთ დელეგაციის სახით და მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე “ქართულმა ოცნებამ” უარი შარშან გაზაფხულზე, მას შემდეგ განაცხადა, რაც დელეგაციისთვის აკრედიტაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხზე დაიწყო ლაპარაკი. აგვისტოში ასამბლეის 50-ზე მეტმა დეპუტატმა წამოაყენა ინიციატივა ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის შესახებაც.
მანვე უპასუხა PACE-ს პარლამენტარების განცხადებას, რომ „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“ და თქვა:
"ვინ ეკითხებათ მათ განგვისაზღვრონ, რა არის არჩევნები და რა არ არის არჩევნები... ჩვენ სუვერენიტეტს პატივს ვინც არ სცემს, ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?"
შალვა პაპუაშვილის თანახმად, არ აპირებენ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. მისი სიტყვებით, პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი და ერთადერთი კრიტიკული საკითხი იყო საზღვარგარეთ უბნების არგახსნის თემა.
"ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა. რომლის მიხედვითაც, 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები", - თქვა სადავო პარლამენტის სპიკერმა.
პაპუაშვილისვე თანახმად, ხელისუფლება არ განიხილავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს. ამასთან, მისი თქმით, „რა აზრი აქვთ მათთვის, ვინც ახლა ასეთი საკითხების წამოყენებას ცდილობს“, ვინაიდან მიაჩნია, რომ ისინი მარცხისთვის არიან განწირული.
ასევე ნახეთ
დემოკრატიული უკუსვლა შეუქცევადად გრძელდება - PACE-ს მონიტორინგის კომიტეტირაზე საუბრობს PACE
PACE-ს თანამომხსენებლების, ედიტ ესტრელას (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა ჩუდიჩის (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეზოლუციის პროექტში სინანულია გამოთქმული, რომ “არ არის გათვალისწინებული ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია“ და ნათქვამია, რომ დემოკრატიის მუდმივი რღვევა „სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზადყოფნასთან დაკავშირებით, დაიცვან საქართველოს წევრობის ვალდებულებები და ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები“.
კომიტეტმა „მიუღებლად“ შეაფასა ინიციატივა, რომელიც „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვას და მათი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივ დევნას გულისხმობს პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებებით“ და გააფრთხილა, რომ "მოქმედებათა ამ კურსის რეალიზაცია საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს“.
პარლამენტარები აცხადებენ, რომ „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“, „დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიების, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის გამო“.
რეზოლუციის პროექტში ასევე მოთხოვნილია „რეპრესიული კანონების“ გაუქმება", მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა.
რეზოლუციის პროექტი გმობს „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობასა და დამოუკიდებელ მედიაზე განგრძობად თავდასხმას“.
კომიტეტმა ასევე გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ „არ ჩატარებულა სანდო გამოძიება პოლიციის სისასტიკესა და დემონსტრაციების დროს ჩადენილ ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე“, გამოთქვა განსაკუთრებული შეშფოთება „თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ინფორმაციის“ გამო.
PACE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც " თანხვედრაშია ამ და წინა რეზოლუციებთან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“.