Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიული უკუსვლა შეუქცევადად გრძელდება - PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი

ფოტოკოლაჟი: საბინა ჩუდიჩი და ედიტ ესტრელა
ფოტოკოლაჟი: საბინა ჩუდიჩი და ედიტ ესტრელა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი გამოთქვამს „სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული რღვევის, ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ“ და იძლევა გაფრთხილებას, რომ „დემოკრატიული უკუსვლა შეუქცევადად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა“.

PACE-ს თანამომხსენებლების, ედიტ ესტრელას (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა ჩუდიჩის (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეზოლუციის პროექტში სინანულია გამოთქმული, რომ “არ არის გათვალისწინებული ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია“ და ნათქვამია, რომ დემოკრატიის მუდმივი რღვევა „სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზადყოფნასთან დაკავშირებით, დაიცვან საქართველოს წევრობის ვალდებულებები და ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები“.

კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს რომ „ევროპის საბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელიც უფლებებსა და ვალდებულებებს მოიცავს“ და რომ ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები „არ ექვემდებარება ეჭვქვეშ დაყენებასა და განხილვას”.

კომიტეტმა „მიუღებლად“ შეაფასა ინიციატივა, რომელიც „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვას და მათი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივ დევნას გულისხმობს პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებებით“ და გააფრთხილა, რომ "მოქმედებათა ამ კურსის რეალიზაცია საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს“.

პარლამენტარები აცხადებენ, რომ „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“, „დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიების, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის გამო“.

რეზოლუციის პროექტში ასევე მოთხოვნილია „რეპრესიული კანონების“ გაუქმება", მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა.

რეზოლუციის პროექტი გმობს „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობასა და დამოუკიდებელ მედიაზე განგრძობად თავდასხმას“.

კომიტეტმა ასევე გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ „არ ჩატარებულა სანდო გამოძიება პოლიციის სისასტიკესა და დემონსტრაციების დროს ჩადენილ ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე“, გამოთქვა განსაკუთრებული შეშფოთება „თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ინფორმაციის“ გამო.

PACE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც " თანხვედრაშია ამ და წინა რეზოლუციებთან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“.


  • PACE-ს მიღებული აქვს არაერთი მწვავედ კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ.
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე “ქართულმა ოცნებამ” უარი გაზაფხულზე, მას შემდეგ განაცხადა, რაც დელეგაციისთვის აკრედიტაციის შესაძლო შეწყვეტის საკითხზე დაიწყო ლაპარაკი. აგვისტოში ასამბლეის 50-ზე მეტმა დეპუტატმა წამოაყენა ინიციატივა ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის შესახებაც.
  • საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ბიუროკრატიას ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობაში და საქართველოსთან მიმართებით შერჩევითი და უსამართლო დამოკიდებულების ქონაში ადანაშაულებს.

საარჩევნო დარღვევების გამოძიება

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროება “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა შეახსენა საზოგადოებას.

დამოუკიდებელი გამოძიების სწრაფად ჩატარების აუცილებლობაზე 2024 წლის არჩევნების მეორე დღიდანვე აცხადებდა ევროკავშირიც.

"მოსკოვის მექანიზმის" დოკუმენტზე დართული მასალიდან ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ წელიწად-ნახევრის წინ არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე დაწყებული საქმე 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ჯერაც დაუსრულებელი იყო - “ამ ეტაპზე საბოლოო პროცედურული გადაწყვეტილება არ მიღებულა და გამოძიება გრძელდება”. შემდგომ პერიოდშიც საჯარო განცხადება ამ საკითხზე არ გაკეთებულა. რადიო თავისუფლებამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ახლანდელი სტატუსის დასაზუსტებლად მიმართა პროკურატურის პრესცენტრს და პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

პარტიების აკრძალვის განზრახვა

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 20 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. უკან გამოითხოვა მანამდე სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით გასული წლის 31 ოქტომბერში შეტანილი სარჩელი და მოითხოვა, აიკრძალოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტია:

  • პარტია „ფედერალისტები";
  • „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“;
  • „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პარტიები პოლიტიკურ პროცესებში - „არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“ - იყვნენ ჩართული და „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ“.

დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეების გამოძიება

7 მაისს პროკურატურამ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტზე სულ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

პროკურატურის მიხედვით, ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კობახიძის კომენტარი სპეცრაზმელების დაკავებაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 მაისს ჟურნალისტების კითხვას, რატომ დასჭირდა მოძალადე სპეცრაზმელების დაკავებას ორი წელი, უპასუხა, რომ „მთავარია, რომ სამართალი აღსრულდა“.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას ტვირთად აწვა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები:

„ორი კვირის წინ კიდევ ერთხელ, ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა, ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ და ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ და შსს-ს და გდდ-ს მადლობა გადაუხადა.

აქციების დროს სხვა დაშავებულების მიმართ ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე, კობახიძე ამბობს, რომ „სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული და მთავარია მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა“.

დემონსტრაციები

მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ საქართველო დღის წესრიგში „2028 წლამდე“ აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას. დემონსტრაციები ძალის გამოყენებით ჩაახშეს. არაერთ ჟურნალისტს ძალადობით შეუშალეს ხელი საქმიანობაში.

დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს მათ, ვისაც უწოდეს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.

ხელისუფლების პოზიცია სპეცრაზმელების იდენტიფიცირებაზე

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები შეკითხვებზე, გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, რატომ არ იყვნენ გამოვლენილი ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველები, იმეორებდნენ, რომ ამას მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა ართულებდა.

"ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის სექტემბერში განაცხადა კიდეც, რომ შესაძლოა მომავალში მიეღოთ ზომები, რომლებითაც სპეცრაზმელების იდენტიფიცირება გაადვილება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG