„არ ეთანხმებოდა საპატრიარქოს მართვის წესებს“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ, როცა დანაშაულის მოტივს „რელიგიურ შეუწყნარებლობას“ ასაბუთებდა. ნათქვამი მეტად აღარ განუვრცია, მხოლოდ ის თქვა, რომ ბრალდებული, რ.მ. ავტომობილით შეიჭრა საპატრიარქოს ეზოში, დააზიანა საპატრიარქოსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქონება.
ზარალის საერთო ოდენობამ 9350 ლარი შეადგინა.
„ავტომობილიდან ისროლა უალკოჰოლო სასმელების ცარიელი ბოთლები... იყენებდა შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას საპატრიარქოს მისამართით... არ დაუსახელებია კონკრეტული პიროვნება“, - თქვა პროკურორმა და მოსამართლის წინაშე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
„პლასტმასის ბოთლები იყო“, - თქვა ადვოკატმა ილია ნაცვლიშვილმა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა:
„სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველი არ არსებობს, იარაღად ვერ ჩაითვლება პლასმასის ბოთლი, შესაბამისად, არ არსებობს მძიმე კატეგორიის დანაშაული... ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეორე ჯგუფის ინვალიდი პენსიონერია, გთხოვთ შეუფარდოთ გირაო 2000 ლარის ოდენობით“.
39 წლის კაცს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).
დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო სხდომის დასაწყისში ბრალდებულმა თქვა, რომ არ სურდა მისის უფლებები ადვოკატს დაეცვა, მოგვიანებით კი პოზიცია შეცვალა.
რა თქვა ბრალდებულმა სასამართლოში
ბრალდებული: „ზოგადად მე არ ვიცი სახაზინოა თუ კერძო [ადვოკატი - რ.თ.] მე კერძო არ მჭირდება, ასე მაქვს გადაწყვეტილი - თანხას ვერ გადავუხდი, თუ ასე თვლის დედაჩემი, რომ გადაიხდის, კი ბატონო".
მოსამართლე: ანუ წინააღმდეგი არ ხართ?
ბრალდებული: არ მჭირდება დაცვა, ბოდიშით, რაა, არაფრის ახსნა არ მინდა მარტო მინდა ყოფნა.
მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. საბოლოოდ ბრალდებულმა ადვოკატთან საუბრის შემდეგ პოზიცია შეცვალა.
რისი თქმა სურდა ბრალდებულს?
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ჰკითხა ბრალდებულს ეთანხმებოდა თუ არა ადვოკატის მიერ მოთხოვნილ გირაოს, ბრალდებულმა კითხვას ასე უპასუხა.
„მე ველოდები კითხვას, რატომ ჩავიდინე ეს ყველაფერი... [მოსამართლემ აუხსნა, რომ აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე დაკავებულის ბრალეულობას არ აფასებენ]. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მე ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავუტოვე ხან ის გავაკეთე, ეკლესიაში ვიყავი, წყნარად, დაცვას ვთხოვე მაშინ მოსაყდრეს გადაეცით, შეხვედრა მსურს, საპატრიარქოში მივედი - გამომიშვეს…“
მოსამართლემ შეაწყვეტინა და უთხრა, საქმის მასალების თანახმად დუმილის უფლებას იყენებთ და შეგახსენებთ ამას, რათა „იმით რასაც იტყვით თქვენი უფლება არ დაირღვესო“.
ბრალდებულმა ადვოკატის რჩევით თხრობა შეწყვიტა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარის დროს პროკურორმა დაადასტურა, რომ მომდევნო კვირაში საქალაქო სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით ბრალდებული დამატებითი კვლევისთვის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ. ამ კვლევებით უნდა დადგინდეს მისი შერაცხადობის საკითხი.
პროკურორის თქმით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და საპატრიარქოში შევარდნის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
„2025 წლის დანაშაულის დროს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის თანახმადაც შეზღუდული შერაცხადობის დიაგნოზი დაუსვეს... ჩვენ თავიდან გამოვიკვლევთ და პასუხების მიხედვით გაგრძელდება აღნიშნული საქმის განხილვა“, - თქვა პროკურორმა.
შეზღუდული შერაცხადობა ნიშნავს მდგომარეობას, როცა ადამიანს ფსიქიკური აშლილობის ან სხვა მდგომარეობის გამო სრულად არ აქვს დაკარგული ქმედების გაცნობიერებისა და კონტროლის უნარი, მაგრამ ეს უნარი მნიშვნელოვნად შემცირებული აქვს.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ნაწილობრივ გააცნობიეროს თავისი ქმედება და მართოს ის, თუმცა არა სრულად.
საქართველოს კანონმდებლობით, შეზღუდული შერაცხადობა არ ათავისუფლებს ადამიანს პასუხისმგებლობისგან, მაგრამ სასამართლომ შეიძლება ეს გარემოება სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინოს.
ასევე ნახეთ
კაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, ბრალი ორი მუხლით წარუდგინესთბილისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი 20 მაისს შევარდა.
მსუბუქმა ავტომობილმა, - ტაქსიმ, „ტოიოტა პრიუსმა“, - დააზიანა შლაგბაუმი, ჭიშკარი შეანგრია და ეზოში მდგომ ავტომობილს შეასკდა.