მძღოლს, რომელიც 20 მაისს საპატრიარქოს რეზიდენციის ეზოში შევარდა ავტომობილით, პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარუდგინა - მას ხულიგნობას და ნივთის დაზიანებას ედავებიან.
რას ამბობს მომხდარზე ბრალდება
პროკურატურის თანახმად, 20 მაისს მძღოლი რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. შლაგბაუმი, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.
"ავტომანქანის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს", - წერს პროკურატურა გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზიანის ოდენობა
უწყების თანახმად, ზიანმა 9350 ლარი შეადგინა.
კაცი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.
"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა".
დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამასთან, როგორც პროკურატურა იტყობინება, "ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა".
პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
ფორუმი