ღაზის ფლოტილიის აქტივისტები ისრაელის მხრიდან ძალადობაზე და გაუპატიურებაზე ჰყვებიან - ბრალდებები ყალბია - აცხადებს ისრაელის მხარე

"ღაზის ფლოტილიის" იტალიელი აქტივისტები ისრაელის მიერ დაკავების შემდეგ იტალიაში დაბრუნებისას. რომი, 22 მაისი, 2026 წელი

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის მცდელობისას ისრაელის ძალების მიერ ფლოტილიის დაკავების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებული აქტივისტები ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, განაცხადეს 22 მაისს აქციის ორგანიზატორებმა.

მათი ცნობით, რამდენიმე მათგანი - დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო სულ მცირე 15-მა პირმა სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების შესახებ განაცხადა.

ისრაელის სასჯელაღსრულების სამსახურმა უარყო ბრალდებები, ხოლო Reuters-ის სააგენტომ მათი დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

გერმანიამ განაცხადა, რომ მისი ზოგიერთი მოქალაქე დაშავდა და ზოგიერთი ბრალდება „სერიოზულია“, დამატებითი დეტალების გარეშე. იტალიის იურიდიულმა წყარომ განაცხადა, რომ იქაური პროკურორები შესაძლო დანაშაულებს იძიებენ, მათ შორის გატაცებასა და სექსუალურ ძალადობას.

„წაყენებული ბრალდებები ყალბია და სრულიად მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს“, - განაცხადა ისრაელის სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენელმა. „ყველა პატიმარი და დაკავებული კანონის შესაბამისად, მათი ძირითადი უფლებების სრული დაცვით და პროფესიონალი და გაწვრთნილი ციხის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში. „სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილია პროფესიული სამედიცინო შეფასებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების შესაბამისად“.

ისრაელის სამხედროებმა განცხადებები გადასცეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ისინი ციხის სამსახურს გაუგზავნა.

ისრაელის ძალებმა 19 მაისს საერთაშორისო წყლებში 50 გემზე 430 ადამიანი დააკავეს, რათა შეეჩერებინათ მოხალისეთა ფლოტილია, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ცდილობდა.

ძალადობის ბრალდებებმა გააძლიერა ზეწოლა ისრაელის ხელისუფლებაზე, რათა ახსნან დაკავებულების მიმართ მოპყრობის წესები.

ისრაელის უშიშროების მინისტრმა იტამა ბენ-გვირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ზოგიერთ აქტივისტს დასცინის. ფაქტმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. იტალიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრები განიხილავენ მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის მიმართ სანქციების დაწესებას.

„სექსუალური ძალადობის მინიმუმ 15 შემთხვევაა, მათ შორის გაუპატიურება. ახლო მანძილიდან რეზინის ტყვიების დაშენა. ათობით ადამიანს ძვალი აქვს მოტეხილი“, - დაწერეს Global Sumud Flotilla-ს ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელ Telegram-ზე.

ლუკა პოჯიმ, იტალიელმა ეკონომისტმა, რომელიც ფლოტილიაზე დაკავებულთა შორის იყო, რომში ჩასვლისას Reuters-ის სააგენტოს განუცხადა: „გაშიშვლებულები, მიწაზე დაგვყარეს, წიხლებით გვირტყამდნენ. ბევრ ჩვენგანზე ელექტროშოკით გამოიყენეს, ზოგიერთის მიმართ სექსუალური ძალადობა მოხდა და ზოგს ადვოკატთან ვიზიტზე უარი ეთქვა“.

იტალიელმა აქტივისტმა, ილარია მანკოსუმ განაცხადა, რომ ფლოტილიის წევრები ნავებიდან ორ ე.წ. საპატიმრო გემზე გადაიყვანეს. ერთ-ერთ გემზე დაკავებულებმა მეტი ძალადობა განიცადეს, ვიდრე მეორეზე. ისინი კონტეინერში ჩაკეტეს და ხუთმა ჯარისკაცმა სცემა, მათ ნეკნებისა და ხელების მოტეხილობები მიიღეს. ზოგიერთს თვალებისა და ყურების სერიოზული დაზიანებები ჰქონდა ელექტროშოკის შედეგად.

მისი თქმით, ისინი ორი დღე გაატარეს საპატიმრო გემებზე, სადაც წყალი არ იყო და ღამით გასათბობად მუყაოსა და პლასტმასს იყენებდნენ, რადგან საბნები არ ჰქონდათ და ტანსაცმლის უმეტეს ნაწილი გახადეს. ხმელეთზე გადმოსვლის შემდეგ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში მუხლებზე იდგნენ და ურტყამდნენ, თუ ისინი მოძრაობდნენ ან ლაპარაკობდნენ. შემდეგ ისინი ციხეში გადაიყვანეს, სადაც პერიოდულად ოთახიდან ოთახში გადაჰყავდათ, რათა არ დაეძინათ, თქვა მან.

იტალიური იურიდიული წყაროს ცნობით, რომის პროკურორები იძიებენ გატაცების, წამებისა და სექსუალური ძალადობის შესაძლო დანაშაულებს და მომდევნო დღეებში მოისმენენ იტალიაში დაბრუნებული აქტივისტების ჩვენებებს.


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საკონსულოს წარმომადგენლებმა, რომლებიც გერმანელ აქტივისტებს სტამბოლში ჩასვლისას შეხვდნენ, განაცხადეს, რომ ზოგიერთ მათგანს დაზიანებები ჰქონდა და სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. სპიკერის თქმით, გერმანელი მოქალაქეების მიმართ ჰუმანური მოპყრობა „აბსოლუტური პრიორიტეტი იყო“ და „ბუნებრივია, სრულ ახსნა-განმარტებას ველოდებით, რადგან ზოგიერთი ბრალდება სერიოზულია“.
საბრინა ჩარიკმა, რომელმაც ფლოტილიიდან 37 ფრანგი მოქალაქის დაბრუნების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა, Reuters-ს განუცხადა, რომ ხუთი ფრანგი მონაწილე თურქეთში საავადმყოფოში მოათავსეს, ზოგიერთს ნეკნების ან ხერხემლის მოტეხილობის გამო. ზოგიერთმა მათგანმა სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების დეტალური ბრალდებები წარადგინა.

დასავლურმა მთავრობებმა ხუთშაბათს გამოთქვეს აღშფოთება მას შემდეგ, რაც ბენ-გვირმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ციხეში მიწაზე დაჩოქილ აქტივისტებს დასცინის.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ შვედეთში ნატოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას კონტაქტი აქვს ევროკავშირის ყველა კოლეგასთან, „რათა ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ სწრაფი გადაწყვეტილება მიიღონ“.

ასევე ნახეთ

ისრაელის მინისტრმა აღშფოთება გამოიწვია "ღაზის ფლოტილიის" აქტივისტების ვიდეოს გამო