Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მინისტრმა ხმამაღალი აღშფოთება გამოიწვია "ღაზის ფლოტილიის" აქტივისტების ვიდეოს გამო

(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრმა 20 მაისს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ღაზის სექტორში მიმავალი საერთაშორისო ფლოტილიის დაკავებული აქტივისტები, რომლებსაც ხელები შეკრული აქვთ და შუბლით მიწაზე არიან დამხობილი, რასაც მოჰყვა საერთაშორისო დაგმობა

ვიდეო, რომელიც X-ზე გაავრცელა რადიკალმა მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა, გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ზღვაში ფლოტილიის გემები გააჩერეს და ასობით უცხოელი აქტივისტის დაკავება დაიწყეს აშდოდის ნავსადგურში.

ვიდეომ საერთაშორისო აჟიოტაჟი გამოიწვია, თავად ბენ გვირი კი გააკრიტიკეს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა.

კადრში, წარწერით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში“, ჩანს ათობით აქტივისტი, რომლებიც აიძულეს დაჩოქილიყვნენ, მათ ხელები შეკრული აქვთ და შუბლით ძირს არიან დამხობილი, ზოგიერთ მომენტში ფონად ისმის ისრაელის ეროვნული ჰიმნი.

კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ ეჩხუბება ბენ გვირი დაკავებულ აქტივისტებს და ისრაელის დროშას აფრიალებს მათ შორის.
ისრაელში აშშ-ის ელჩმა მკაცრად გააკრიტიკა ულტრამემარჯვენე მინისტრი ფლოტილიის აქტივისტების დაკავების და მათი დაჩოქების კადრების გავრცელების შემდეგ.

„ყველა მაღალი რანგის ისრაელელი მოხელის მხრიდან საყოველთაო აღშფოთება და დაგმობა მოჰყვა ... ბენ გვირის საზიზღარ ქმედებებს. ფლოტილია სულელური აქტი იყო, მაგრამ ბენ გვირმა თავისი ერის ღირსებას უღალატა“, - დაწერა მაიკ ჰაკაბიმ X-ზე.
ისრაელში გერმანიის ელჩმა „აბსოლუტურად მიუღებლად“ შეაფასა ბენ გვირის მოპყრობა ღაზის სექტორში მიმავალი ფლოტილიის დაკავებული აქტივისტების მიმართ.

„კარგია, რომ ბევრი ისრაელელი - მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი - ხმამაღლა საუბრობს მინისტრ ბენ გვირის მიერ დაკავებულების მიმართ მოპყრობაზე ისე, როგორიც ის არის: სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელი ჩვენი ქვეყნების ძირითად ღირებულებებთან“, - წერს შტეფენ ზაიბერტი X-ზე.

საფრანგეთმა განაცხადა, რომ ბენ გვირის „მიუღებელი ქმედებების“ გამო ისრაელის ელჩი დაიბარა, მადრიდმა კი დაგმო აქტივისტების მიმართ „ამაზრზენი“ მოპყრობა და განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად ასევე დაიბარა ისრაელის საქმეთა რწმუნებული.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ განაცხადა, რომ ვიდეოთი „შეძრწუნებული და შოკირებული“ იყო და მოითხოვა აქტივისტების, რომელთა შორის არის პრეზიდენტ კეტრინ კონოლის დაც, დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

იტალიამ და საბერძნეთმაც ცალ-ცალკე მკაცრად გააკრიტიკეს აქტივისტების მიმართ მოპყრობა და მოითხოვეს თავიანთი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ კი ისრაელისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბენ გვირმა „კიდევ ერთხელ ღიად აჩვენა მსოფლიოს ნეთანიაჰუს მთავრობის ძალადობრივი და ბარბაროსული მენტალიტეტი“.

ბენ გვირმა ნეთანიაჰუს რისხვაც გამოიწვია. პრემიერმა განაცხადა, რომ მინისტრის ქცევა აქტივისტებთან „არ შეესაბამება ისრაელის ღირებულებებსა და ნორმებს“.

„მე შესაბამის ორგანოებს დავავალე, რაც შეიძლება მალე მოახდინონ პროვოკატორების (აქტივისტების) დეპორტაცია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ასევე გააკრიტიკა ბენ გვირი X-ზე და თქვა, რომ მან „შეგნებულად მიაყენა ზიანი ჩვენს სახელმწიფოს ამ სამარცხვინო საქციელით - და ეს პირველად არ მომხდარა“.

თუმცა, ბენ გვირმა საარს უპასუხა და თქვა: „მე ვამაყობ, რომ ვარ მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს ტერორის ამ მხარდამჭერების წინააღმდეგ მოქმედებდნენ“.

„დიახ, იქნება ყველანაირი სურათები, რომლებიც გიდეონ საარს არ მოეწონება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი სიამაყის საგანს წარმოადგენენ“, - დასძინა მან პარლამენტში..
გასულ კვირას „სუმუდის გლობალური ფლოტილიის“ დაახლოებით 50 გემი თურქეთიდან გავიდა, რაც აქტივისტების ბოლო მცდელობა იყო, დაეღვიათ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადა, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ისრაელის ძალებმა წინა კოლონაც დააკავეს.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ფლოტილიის ბორტზე მყოფი 430 აქტივისტი ისრაელისკენ მიემართებოდა, ხოლო „Adalah-ის უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ზოგიერთი მათგანი უკვე აშდოდის ნავსადგურში ჩავიდა და იქ არიან დაკავებული.

ჰამასმა, რომელიც ღაზის ნახევარზე ნაკლებს აკონტროლებს და რომლის თავდასხმამაც ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინის ტერიტორიაზე ომი გამოიწვია, განაცხადა, რომ ვიდეომასალა ისრაელის ლიდერების „მორალური გარყვნილებისა და სადიზმის“ დასტურია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფლოტილია სარეკლამო ხრიკად შეაფასა, რომელიც ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ინტერესებს ემსახურება.
ნეთანიაჰუმ ადრე ის დაგმო, როგორც „მავნე სქემა, რომელიც შექმნილია ღაზაში ჰამასის ტერორისტებისთვის ჩვენს მიერ დაწესებული ბლოკადის დასარღვევად“.

ისრაელი აკონტროლებს ღაზის ყველა შესასვლელ პუნქტს, რომელიც 2007 წლიდან ისრაელის ბლოკადის ქვეშაა.

ღაზის ომის დროს, რის შედეგადაც რეგიონი თითქმის მთლიანად განადგურებულია და 70 ათასი ადამიანია დაღუპული, ამ ტერიტორიას საკვების, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი პროდუქტის მწვავე დეფიციტი ჰქონდა, რის ფონზეც ისრაელი დახმარების მიწოდებას ზოგჯერ მთლიანად წყვეტდა, რასაც მოჰყვა რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG