ევროპის ტანმოვარჯიშეთა კავშირმა შეზღუდვები მოუხსნა რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს

რუსეთის ტანმოვარჯიშეები მხატვრული ტანვარჯიშის 37-ე მსოფლიო ჩემპიონატზე. ბაქო, 22 სექტემბერი, 2019.

ევროპის ტანმოვარჯიშეთა კავშირმა შეზღუდვები მოუხსნა რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს. კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის განკარგულება ორგანიზაციის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც World Gymnastics-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის ტანმოვარჯიშეებს ნება დართო, საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოვიდნენ სახელმწიფო დროშითა და ჰიმნით.

უკვე 27 მაისს ბულგარეთში იწყება ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც რუსეთის ტანმოვარჯიშეებსაც შეეძლებათ გამოსვლა.

მანამდე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, აღარ გაეწია რეკომენდაცია ბელარუსის სპორტსმენებისა (და გუნდებისთვის) შეზღუდვების დაწესებისთვის იმ შეჯიბრებებზე, რომლებსაც საერთაშორისო ფედერაციები და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები ატარებენ.

შეზღუდვები 2022 წლის 28 თებერვალს და 2023 წლის 28 მარტს დაწესდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით, რასაც ბელარუსის ლიდერის,ალიაქსანდრლუკაშენკასრეჟიმმა შეუწყო ხელი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის 7 მაისის გადაწყვეტილებით ეს შეზღუდვები გაუქმდა.

უკრაინის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა „კატეგორიული პროტესტი“ გამოთქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილების გამო. უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ბელარუსი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერას.

ასევე ნახეთ

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს დროშითა და ჰიმნით გამოსვლის ნება დართო