Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს დროშითა და ჰიმნით გამოსვლის ნება დართო

ტანმოვარჯიშეები ბელარუსიდან. მინსკი, 2019 წ. ივნისი.
ტანმოვარჯიშეები ბელარუსიდან. მინსკი, 2019 წ. ივნისი.

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (World Gymnastics) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს ეროვნული დროშითა და ჰიმნით შეჯიბრების უფლება მისცა. ეს გადაწყვეტილება ეხება სპორტულ და მხატვრულ ტანვარჯიშს, ბატუტზე ხტომას, აკრობატიკასა და აერობიკას, იტყობინება რუსეთის ტანვარჯიშის ფედერაციის პრესსამსახური.

რუსეთის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმა ოლეგ ბელოზიოროვმა აღნიშნა, რომ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებამ „სრულად აღადგინა უფლებები“ რუსეთის ტანმოვარჯიშეებისა, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულიდან იმყოფებოდნენ სანქციების ქვეშ.

პირველები სპორტული აკრობატიკის წარმომადგენლები იქნებიან, ვინც რუსეთის დროშის ქვეშ და ჰიმნის შესრულებით გამოვა მაისის ბოლოს და ივნისში მსოფლიო თასის ეტაპებზე ბულგარეთსა და აზერბაიჯანში.

მაისის ბოლოს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ასევე დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში. სააგენტოს ცნობით, რუსეთის გუნდში ძირითადად იქნებიან ალინა კაბაევას „ნებესნაია გრაციას“ აკადემიის სპორტსმენები. ეს ტურნირი ტარდება ტანვარჯიშის ევროპული კავშირის ეგიდით და რუსი ტანმოვარჯიშეები ნეიტრალური დროშით იასპარეზებენ.

მანამდე წყლის სპორტის მსოფლიო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს ეროვნული დროშებითა და ჰიმნებით შეჯიბრების უფლება მისცა. უკრაინელმა სპორტსმენებმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და უკრაინის წყალბურთის ნაკრებმა აპრილის შუა რიცხვებში უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან მატჩზე მსოფლიო თასზე მალტაში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG