პუტინის გარემოცვაში იმედგაცრუება იზრდება - The Guardian

ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი პრესმდივანი დმიტრი პესკოვი(მარცხნივ)

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში იზრდება პუტინით იმედგაცრუება უკრაინაში გაჭიანურებული ომისა და რუსეთის ეკონომიკის ვარდნის გამო. ამას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვისა და ბიზნეს-წრეების და დასავლეთის სპეცსამსახურების რამდენიმე წარმომადგენელი.

ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელსაც The Guardian-ი უწოდებს „ბიზნეს-ლიდერს დიდი კავშირებით“, ამბობს, რომ წელს ელიტის განწყობები აშკარად შეიცვალა, პუტინის მიმართ ღრმა იმედგაცრუებაა და იმატებს შეგრძნება, რომ რაღაც კატასტროფა ახლოვდება.

წყაროს თანახმად, მართალია, არავის სჯერა, რომ ხვალ ყველაფერი ერთბაშად დაინგრევა, მაგრამ სულ უფრო მეტად იაზრებენ, რომ გრძელდება სრულიად უაზრო და თვითდამანგრეველი გადაწყვეტილებების მიღება, ადამიანები, რომლებიც პუტინს იცავდნენ, ამას აღარ აკეთებენ და გაქრა მომავლის შეგრძნება.

ასევე ნახეთ

რუსეთის სოციოლოგიურმა სამსახურმა შეცვალა გამოკითხვის მეთოდიკა და პუტინის რეიტინგი გაიზარდა

The Guardian-ის წყაროთა ინფორმაციით, განწყობების შეცვლა გამოიწვია უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან მეხუთე წელს ფრონტზე წარუმატებლობებმა და რუსეთში შიდა პრობლემების გამწვავებამ.

თუმცა, პუტინი ისევ მკაცრი პოზიციის მიმდევარია, უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ რუს სამხედროებს ამ წლის ბოლომდე შეუძლიათ მთელი დონბასის დაპყრობა და ფრონტის გარღვევის შემთხვევაში კონტროლის დამყარება სხვა რეგიონებზეც.

წლის ბოლომდე დონბასის სრულად დაპყრობაში პუტინს რუსი გენერლები არწმუნებენ.

ასევე ნახეთ

პუტინს თავდასხმის და გადატრიალების ეშინია - „ვაჟნიე ისტორიიმ“ ევროპული დაზვერვის ანგარიში მოიპოვა

The Guardian-ის წყაროთა ინფორმაციით, მოსკოვში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ინტერნეტ-რესურსების დაბლოკვამ და შეზღუდვამ.

რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო უშედეგოდ ცდილობდნენ ვლადიმირ პუტინის დარწმუნებას, რომ მკაცრ შეზღუდვებზე უარი უნდა ეთქვათ. პუტინი ამ საკითხში სპეცსამსახურების აზრს ენდობა.

რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვას, რომელიც 2025 წლიდან დაიწყო, უშიშროების ფედერალური სამსახურის მეორე განყოფილება აკონტროლებს. ეს დანაყოფი მიჩნეულია პასუხისმგებლად რუსი ოპოზიციონერების, ალექსეი ნავალნისა და ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლაზე.

ასევე ნახეთ

პუტინი დროის წინააღმდეგ: ომი, კრიზისი და ბრძოლა ელიტებს შორის - ინტერვიუ ეკატერინა შულმანთან

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს თავის წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის ელიტაში არსებული განწყობების მიუხედავად პუტინის მმართველობისთვის რაიმე საფრთხეზე საუბარი ნაადრევია და ის სიტუაციას კვლავ აკონტროლებს.

ცნობები მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, გადაჭარბებულია, თუმცა პუტინი თავისი ხანგრძლივი მმართველობის ყველაზე რთულ პერიოდში შედის.